"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა."
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილზე მოქმედებდა არაფორმალური სანქციები და 2 მილიარდი გაუჩერეს.
“როცა საუბარია ევროპაზე, ამას შევხედოთ, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით უჩერებენ 2 მილიარდის თანხას კონკრეტულ
ფიზიკურ პირს, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ეკავა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგი. ბუნებრივია, ტრაგიკულია ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების. აქაც იგივეა, გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























