მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Big Little Lies: როგორ იქმნება ანტიევროპული ნარატივები საქართველოში|ეკონომისტ ზაზა ბროლაძის ბლოგი

ზაზა ბროლაძე
11.06.26 21:35
94

ავტორი: ეკონომისტი ზაზა ბროლაძე

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სოფლის მეურნეობის განადგურებას გამოიწვევს (https://bm.ge/news/dghes-saqartvelos-khelisuflebashi-pragmatikosebi-arian-sergei-lavrovi). ეს განცხადება ახალი არ არის. თითქმის იდენტური გზავნილები წლების განმავლობაში ისმოდა როგორც რუსი ოფიციალური პირებისგან, ისე ქართველი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტებისგან. ამ ქვეყნად შემთხვევით (თითქმის) არაფერი ხდება! ეს არის პროპაგანდის კლასიკური ტექნიკა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში აქტიურ ღონისძიებებსუწოდებდნენ.

Активные мероприятия

ლავროვის ეს განცხადება შეიცავს „დიდი ტყუილის“ (Big Lie) ტექნიკის ელემენტებს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ავრცელებ იმდენად მასშტაბურ და კატეგორიულ სიცრუეს, რომლის დაჯერება ადამიანებს უჭირთ, აქაოდა, ასეთ უზარმაზარ ტყუილს შეგნებულად ვინ იტყოდაო.

როგორ მუშაობს „დიდი ტყუილი“?

  1. ტყუილი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, მაგალითად „ევროკავშირმა ყველა ახლად შემოერთებული ქვეყნის სოფლის მეურნეობა გაანადგურა“
  2. უნდა განმეორდეს ძალიან ხშირად, დიდი ხნის განმავლობაში, ქვემოთ გაჩვენებთ რა სიხშირით ხდება ამ ნარატივების არტიკულირება ვაი-ქართველი პროპაგანდისტების მიერ
  3. უნდა იყოს ემოციური: შიში, აღშფოთება, ეროვნული სიამაყე, მსხვერპლის განცდა
  4. ფაქტების შემოწმება უნდა იყოს რთული ან ნაკლებად მიმზიდველი

საბჭოთა და რუსული გამოცდილება

საბჭოთა დაზვერვა და შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურები „დიდ ტყუილს“ უფრო ფართო კონცეფციის - აქტიური ღონისძიებების (Активные мероприятия) ნაწილად განიხილავდნენ.

ეს იყო არა უბრალოდ ჯაშუშობა, არამედ:

  • დეზინფორმაცია;
  • ყალბი დოკუმენტები;
  • გავლენის აგენტები;
  • მედიის მანიპულაცია;
  • შეთქმულების თეორიების გავრცელება.

ამაში განსაკუთრებით ცნობილი იყო სუკ-ი (KGB). ამჟამად ყოველივე ამას თანამედროვე ტექნოლოგიები დაემატა და ჭეშმარიტად ხელოვნების დონეზე აიყვანეს.

კლასიკური მაგალითი #1

„დასავლეთი საბჭოთა კავშირის განადგურებას გეგმავს.“

ეს ნარატივი ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა შიდა რეპრესიების გასამართლებლად.

კლასიკური მაგალითი #2

1980-იან წლებში KGB-მ გაავრცელა ვერსია, რომ AIDS ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა (თბილისის ლუგარის ლაბორატორია ხომ გაგახსენდათ?).

ამ მიდგომას ზოგჯერ firehose of falsehood („სიცრუის სახანძრო შლანგი“) ეწოდება, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით, სწრაფად, მრავალ არხზე და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ტყუილები ვრცელდება, რათა ადამიანებმა სიმართლე სიცრუისგან ვეღარ გაარჩიონ.

ლავროვის მაგალითი

ამ კონტექსტში ლავროვის განცხადება საინტერესოა, რადგან აქ რამდენიმე ტექნიკა ერთდროულად მუშაობს:

დიდი ტყუილი: „ნებისმიერმა სასოფლო-სამეურნეო ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, დაკარგა სოფლის მეურნეობა.“ ეს აბსოლუტური ფორმულირებაა („ნებისმიერმა“, „ყველამ“).

შიშის ნარატივი: „ევროკავშირში შესვლა თქვენი ფერმერების განადგურებას ნიშნავს.“

ცრუ განზოგადება: რამდენიმე შემთხვევის ან სტერეოტიპის საფუძველზე ყველა ქვეყნის ერთ კატეგორიაში მოქცევა.

მსხვერპლის ნარატივი: „დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნების ხარჯზე მდიდრდებიან.“

შეგვიძლია მოკლედ შევაჯამოთ, რომ ლავროვის განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელიც აგებულია ‘დიდი ტყუილის’, შიშის მობილიზაციისა და ცრუ განზოგადების პროპაგანდისტულ ტექნიკებზე.

დიდი ტყუილის პატარა დიასახლისები

ლავროვის განცხადება და საქართველოში გავრცელებული მსგავსი გზავნილები ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ მეტანარატივს ეკუთვნის. როგორც აღინიშნა, დიდი ტყუილის ტექნიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომ მას ძალიან ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში იმეორებენ.

რატომ მეორდება ერთი და იგივე გზავნილი ათწლეულების განმავლობაში?

  • იმიტომ, რომ ფაქტობრივი სიზუსტე მეორეხარისხოვანია;
  • მიზანია ემოციის გამოწვევა;
  • მიზანია ევროკავშირის მიმართ უნდობლობის შექმნა;
  • მიზანია ალტერნატივების გაბუნდოვანება.

ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის, განსაკუთრებით სამარცხვინოა, რომ რუსული პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში მონაწილეობს ადამიანი, რომელიც თავს „პარლამენტის თავმჯდომარეს“ უწოდებს. აი რას იძახდა პაპუაშვილი 2024 წლის დეკემბერს, რუსთავი-2-ის ეთერშში: “აბა შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა” (https://bm.ge/news/chamoingreva-ghvinis-industria-evrokavshirshi-gatsevrianebit?utm_source=chatgpt.com).

პოლიტიკური კომუნიკაციის ენაზე ამას ხშირად „ეკონომიკური შიშის ნარატივს“ (economic fear narrative) ან „ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის მითს“ უწოდებენ.

საინტერესოა, რომ ეს ნარატივი საქართველოში მხოლოდ ღვინოზე და ზოგადად სოფლის მეურნეობაზე არ ვრცელდებოდა. ანალოგიური გზავნილები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა:

  • თხილზე;
  • რძის პროდუქტებზე;
  • მიგრაციაზე („ევროპა მიგრანტებს შემოგვასახლებს“); (mythdetector.com)
  • ბალტიის ქვეყნების მაგალითზე („ევროკავშირმა მათი სოფლის მეურნეობა გაანადგურა“). (mythdetector.com)

ქვემოთ არის ძალიან მოკლე ქრონოლოგია, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ანტიევროპული ეკონომიკური ნარატივები 2014–2026 წლებში. საინტერესოა, რომ მათი ძირითადი შინაარსი თითქმის არ შეცვლილა — იცვლებოდნენ მხოლოდ თემები (ღვინო, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, სანქციები და ა.შ.). ყოველი ნარატივი მარტივად მტკიცდება ვებგვერდ „მითების დეტექტორზე“ (https://mythdetector.com/ka/). ამისათვის დიდი მადლობა მის გუნდს, რომელიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს (https://mythdetector.com/ka/phaqtebis-gadamotsmebis-monatsemtha-baza/?jsf=epro-posts&pagenum=14).

წელი

განცხადება

რეალური შედეგი

2014

ევროკავშირს ქართული პროდუქცია არ სჭირდება

ექსპორტი ევროკავშირში იზრდება

2016

ევროპული სტანდარტები ფერმერებს გაანადგურებს

ექსპორტი აგრძელებს ზრდას

2024

„ღვინის სექტორი ჩამოინგრევა“ (პაპუაშვილი)

ღვინის ექსპორტი ევროკავშირში რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოსაა

2026

ლავროვი: ევროკავშირი სოფლის მეურნეობას გაანადგურებს

პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება საპირისპიროს აჩვენებს

ცოტა ციფრებიც

ეს არის ჩემი პირველი ბლოგის პირველი ნაწილი, სადაც განვიხილე ის პროპაგანდისტული მეთოდები, რასაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. მეორე ნაწილში, ცალკე ბლოგად, ციფრებით დავასაბუთებ იმ განცხადებების სიმცდარეს, რასაც ავრცელებენ რუსი და ქართველი პროპაგანდ...ები. თუმცა, ქვემოთ 1-2 მაგალითს მოვიყვან ციფრებით, საიდანაც კიდევ უფრო ნათელი გახდება ის, რაც ისედაც ნათელია: ევროკავშირს თავის რიგებში მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები სურს და ამისათვის ძალისხმევასაც არ იშურებს.

ცხრილი აჩვენებს, თუ როგორ იხეირა პოლონეთის აგროსექტორმა 2004 წლის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. 80 მილიარდიანი ევროკავშირის დახმარების და აქტიური მუშაობის შემდეგ პოლონეთმა აგროექსპორტი გააათმაგა (10x) , სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გაასამმაგა (3X), ხოლო დღეს პოლონეთის თითოეული მოქალაქე 4-ჯერ (4x) უფრო მდიდარია.

მაჩვენებელი

2004

2023/24

აგროექსპორტი

5 მლრდ €

50+ მლრდ €

GDP per capita

$6,700

$28,000

სოფლის განვითარების დაფინანსება ევროკავშირიდან

0

80+ მლრდ €

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა

100

250-300+

ამ ცხრილზე კი ჩანს რა თანხები მიიღეს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის:

ქვეყანა

2004-2023

პოლონეთი

80+ მლრდ €

ლიეტუვა

17 მლრდ €

ლატვია

10 მლრდ €

ესტონეთი

8 მლრდ €

პროპაგანდის წარმატება იმაში არ მდგომარეობს, რომ ადამიანები ყველა ტყუილს იჯერებენ. მისი წარმატება იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები წყვეტენ იმის გარკვევას, რა არის სიმართლე. სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე ანტიევროპული ნარატივები საქართველოში უკვე ათ წელზე მეტია მეორდება. იცვლება თემა: ღვინო, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია თუ სანქციები, მაგრამ უცვლელი რჩება მთავარი გზავნილი: „დასავლეთი საფრთხეა, განვითარება შეუძლებელია და ალტერნატივა არ არსებობს.“ ისტორია კი საპირისპიროს გვიჩვენებს. დასავლეთი ჩვენთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატია, არამედ იდეა, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში ჩაისახა და რისი ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო - ხან ფიზიკურად, ხან ოცნებით! სწორედ ესაა ნამდვილი „ქართული ოცნება“ - დავბრუნდეთ იქ, სადაც მუდამ ვიყავით!

P.S. თუ ჩემს ბოლო წინადადებებში ეჭვი ეპარება, დახედოს ანტიკური ბერძნების "რუკას", სადაც ევროპის საზღვარი თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარე ფაზისზე გადიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები