ეკონომისტ ზაზა ბროლაძის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მონეტარულ ოქროში შენახვას რამდენიმე ნაკლი აქვს.
ამ საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა, სადაც ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციის პოლიტიკა შეაფასა.
საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი გეგმავს, როგორც ჩინურ იუანში რეზერვების წილის 5%-დან 15%-მდე გაზრდას, ასევე, აპირებენ სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილის გაზრდასაც. ამჟამად რეზერვების, დაახლოებით, 17% (თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი) ოქროშია განთავსებული. ამასთან დაკავშირებით, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ოქროს დაბალლიკვიდურად ითვლება, რაც მისი ერთადერთი მინუსია.
ზაზა ბროლაძის შეფასებით, დაბალლიკვიდურობასთან ერთად, ოქროს რეზერვების სახით შენახვას კიდევ სამი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს:
ფასის მაღალი მერყეობა - ოქრო არასტაბილური აქტივია და მისი საბაზრო ღირებულება ხშირად იცვლება.
ნულოვანი შემოსავლიანობა - ოქრო უბრალოდ ინახება და მასზე ქვეყანა სარგებელს (დივიდენდს) ვერ იღებს.
ხარჯიანი შენახვა: უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშებისგან განსხვავებით, ოქროს შენახვას სპეციალური სადეპოზიტო ინფრასტრუქტურა და დაცვა სჭირდება, რაც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ქვეყანას.
„ის, რომ მხოლოდ ლიკვიდურობა არ არის პრობლემა, სხვა ფაქტორებიც მოწმობს, თუმცა როგორ არ გავიხსენოთ რუსეთის მაგალითი - მან საკუთარი აქტივები ოქროში გადაიტანა და ამით ოქროს რეზერვები 2022 წლის შემდეგ დასავლურ სანქციებს გადაარჩინა… შეიძლება ეს იყოს ყველაზე დიდი პლიუსი, რომელმაც გადაწონა ყველა სხვა აშკარა მინუსი“, - აღნიშნა ზაზა ბროლაძემ.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მილიარდ 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროს შენახვა და მისი მარაგების კიდევ უფრო გაზრდა მიზანშეწონილი არ არის.
მისი განმარტებით, 1990-იანი წლებიდან საქართველოს სავალუტო რეზერვები ძირითადად ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებში ინახებოდა, რადგან ეს ყველაზე სტაბილური და ლიკვიდური აქტივებია.
“ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. სახელმწიფო რეზერვებზე საუბრისას ყოველგვარი რისკი მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ. ძალიან ლიკვიდური სახელმწიფო ობლიგაციები უნდა შევიძინოთ. საპენსიო ფონდს სხვა ფუნქციები აქვს და მას შეუძლია პორტფელის გაზრდაზე იფიქროს, თუმცა ისეთ აქტივებს, როგორიც ოქრო და იუანია, იმედია, არც საპენსიო ფონდი შეიძენს“, - აცხადებს ზაზა ბროლაძე.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1 მილიარდ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს მოცულობა 350 000 უნცია ოქროს [10.9 ტონა] შეადგენს.
2026 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 8 მილიარდ 240 მილიონ დოლარს შეადგენს.
























