Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი მომხრეა მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადი გადაიხადონ. როგორც Bloomberg-ი წერს, გეითსი მხარს უჭერს ინიციატივას რომ მილიარდერებმა იხადონ უფრო მაღალი გადასახადი.
„მე ვემხრობი საგადასახადო სისტემას, რომლის მიხედვითაც, თუ გაქვს უფრო მეტი ფული, იხდი უფრო მაღალი პროცენტულობის გადასახადს. ვფიქრობ, მდიდარმა უნდა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ამდრომდე იყო და ამაში მეც და მელინდა გეითსიც მოვიაზრებით“, - განაცხადა ბილ გეითსმა.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ის ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, რომ გადასახადები გახადოს უფრო სამართლიანი.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბოლო ათწლეული 50 მილიარდი დოლარით დაიწყო და პირობა დადო, რომ მისი ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებას შესწირავდა. Bloomberg-ის ცნობით, მას მართლაც მილიარდობით დოლარი აქვს შეწირული სიღარიბესთან ბრძოლის, ჯანდაცვის და განათლების სისტემების განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, მისი ქონება ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაორმაგდა. „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, გეითსის ქონება 113,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.