biletebi.ge-ს 83.3% "საქართველოს ბანკის" ჯგუფის წევრმა სააქციო საზოგადოება "დიჯითალ არეამ 2023 წლის სექტემბერში შეიძინა.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ გარიგებამდე დავით მიზანდარი კომპანიის 60%-ს ფლობდა, გიორგი ჩხიკვიშვილი კი, 40%-ს. ამ მომენტისთვის წილობრივი გადანაწილება ასეთია: სააქციო საზოგადოება "დიჯითალ არეა" - 83.3%, დავით მიზანდარი - 8.3, გიორგი ჩხიკვიშვილი - 8.3%.
გარიგება სექტემბერში გაფორმდა, რის შემდეგაც Biletebi.ge-მ განახლებულ პლატფორმა დააანონსა. bm.ge - კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს დაუკავშირდა. დავით მიზანდარი კომპანიის წილის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ სურს.
"დიჯითალ არეა", "საქართველოს ბანკის" ჯგუფის წევრი – ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც თითქმის სამი წელია ბაზარზე ოპერირებს და ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულებით, მომხმარებელს ახალი, მარტივი და საინტერესო გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
biletebi.ge-მ კინოს ბილეთების გაყიდვა გასული წლის იანვარში გააჩერა. მაშინ, კომპანიის თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი მედიასთან აცხადებდა, რომ „თიბისი“ ბანკმა, რომელიც TKT.GE-ს პარტნიორია, კინოს ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და თავის პარტნიორ კომპანიას გადასცა.