ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ ბილეთის ფასის ზრდის მიუხედავად, მსოფლიო ავიაციის აღდგენის მაჩვენებელი მაღალია, რასაც ფრენაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
მისივე განმარტებით, ბილეთის ფასზე საბოლოო ჯამში ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, უმთავრესად კი საწვავის ფასი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია OPEC-ის გადაწყვეტილებაზე, ასევე რუსეთისთვის დაწესებულ საავიაციო სანქციებსა და სხვა ფაქტორებზე.
“ბილეთის ფასს მოთხოვნა განაპირობებს. მიმდინარე ტრენდს რომ გადავხედოთ, მოთხოვნა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი გაზრდილია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ეს ფასი გადაიხადონ. სანამ ეს მოთხოვნა გაგრძელდება, კომპანიები რატომ შეამცირებენ ფასს?! ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც არის, რომ ბოლო ერთ თვეში ავიაკომპანიების ხარჯი 8-9%-ით არის გაზრდილი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამას ძირითადად განაპირობებს ინფლაცია.
მოგეხსენებათ, ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი საწვავია და ამ მიმართულებით ამ ეტაპზე საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა. ერთი ბარელი საწვავის საშუალო ფასი დაახლოებით 99 დოლარს შეადგენს, როცა ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2023 წელს საწვავის ფასი დაახლოებით 115 დოლარი იქნებოდა. 2022 წელს ბარელზე ფასი დაახლოებით 135 დოლარი იყო. ანუ საწვავის მიმართულებით ფასი საკმაოდ შემცირებულია",- ამბობს ირაკლი ნასიძე.