საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში ლატვიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2017-2022 წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში. 2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.
ირაკლი ყურაშვილმა უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო და ის გასული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს, ასევე ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.
უძრავი ქონებიდან ირაკლი ყურაშვილი უთითებს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 285 კვადრატული მეტრის ბინას, რომელიც მემკვიდრეობით 2017 წელს მიიღო. ასევე მის საკუთრებაშია ფალიაშვილის ქუჩაზე 50 კვადრატული მეტრის ავტოფარეხის 50%-ის წილი. ასევე 2022 წელს 5.8 ათას დოლარად შეძენილი ავტომობილი Ford Fiesta.
დიპლომატის პოსტზე მიღებული ანაზღაურების სახით ირაკლი ყურაშვილი 67 800 ევროს და 7666 ლარს უთითებს, საიდანაც გასულ წელს 26 400 ევრო უძრავი ქონების იჯარაზე დახარჯა.
მას ასევე აქვს მიმდინარე ანგარიში ბანკში 3278,74 ლარით და ანაბრები 22470,86 აშშ დოლარით და 12014,52 ლარის ოდენობით.




























