Binance-ის რეკორდული $4.3 მილიარდით დაჯარიმების საკითხს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის ანალიტიკური დეპარტამენტი გამოეხმაურა. ბანკის შეფასებით, კომპანიის დაჯარიმება და დირექტორობიდან ჩანგპენგ ჟაოს გადადგომა გლობალური კრიპტოინდუსტრიისათვის პოზიტიური მოვლენაა, რადგან ამ ფაქტით დასრულდა დიდი გაურკვევლობის ეპოქა, რომელიც აშშ-ში წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ინდუსტრიისათვის სისტემურ რისკს წარმოადგენდა.
JPMorgan-ის შეფასებით, Binance-ისა და იუსტიციის დეპარტამენტის მორიგება მრავალწლიან სასამართლო დავას დაასრულებს და ეს კომპანიას განვითარების საშუალებას მისცემს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კრიპტობირჟას გაცილებით უფრო მკაცრ რეგულატორულ ჩარჩოებში მოუწევს მოქცევა და საქმიანობის ასე გაგრძელება.
JPMorgan-ის პოზიციას იზიარებენ სხვა ექსპერტებიც და აღნიშნავენ, რომ კრიპტოინდუსტრიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გაურკვევლობა წარმოადგენს, რასაც ბუნდოვანი კანონმდებლობა და ის ფაქტი განაპირობებს, რომ ინდუსტრია ჯერაც არ არის ბოლომდე რეგულირებული.
ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კომპანიიდან მისი წასვლით Binance-ის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რაც საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფას და წესების დაცვას მოიცავს.