BINANCE-ის რეკორდულად დაჯარიმების მიუხედავად, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს ქონებამ წელს $25 მილიარდით იმატა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ჩანგპენგ ჟაო მსოფლიოში ყველაზე გამდიდრებული კრიპტომილიარდერია, რაც პირდაპირ უკავშირდება საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას, რომელიც წლის დასაწყისიდან 155%-ითაა გაძვირებული.
ჩანგპენგ ჟაოს გამდიდრების მაჩვენებელი 5-ჯერ აღემატება იმ ჯარიმის მოცულობას, რომელიც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ BINANCE-ს დაუწესა - ეს თანხა $4.3 მილიარდს შეადგენს და მისი დიდი ნაწილი კომპანიამ უკვე გადაიხადა. ჩანგპენგ ჟაოს ქონება ახლა $37 მილიარდს შეადგენს და ის, დიდწილად, სწორედ BINANCE-ის შეფასებას უკავშირდება, რომელიც კრიპტობაზარზე “ხარის ბაზრის” პირველადი ნიშნების გამოჩენის ფონზე გაიზარდა. ამასთან, გაზრდილია ბიტკოინისა და BINANCE-ის კრიპტოვალუტის, BNB-ის ფასი, რაც, ცხადია, აისახება ჩანგპენგ ჟაოს პორტფელის შეფასებაზე, რომელიც, მისი თქმით, 99%-ით BNB-სგან და 1%-ით ბიტკოინისგან შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჩანგპენგ ჟაოს წინააღმდეგ დავა ჯერაც არ დასრულებულა, რის გამოც, BINANCE-ის დამფუძნებელს ამერიკის შეერთებული შტატების დატოვება აეკრძალა. თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, რომელიც კანადელ მეწარმეს საბანკო საიდუმლოების გათქმისთვის შეიძლება მიესაჯოს, ათ წელიწადს შეადგენს, მაგრამ გარიგების პირობების თანახმად, ჟაო ცოხეშო მაქსიმუმ თვრამეტი თვით აღმოჩნდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის 23 თებერვალს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.