მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Changpeng Zhao

Binance-ის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მან კალიფორნიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 თვე გაატარა. ჟაოს ბრალად ედებოდა საერთაშორისო სანქციების დარღვევა, ფულის გათეთრება და გადასახადებისთვის თავის არიდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჟაოს 3 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურატურის მტკიცებით, ჩანგპენგ ჟაო სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო და მას თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით უნდა მისჯოდა, რათა ეს სხვა თაღლითებისთვის იმის მკაფიო მაგალითად ქცეულიყო, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდით ისინი მართლმსაჯულებას თავს ვერ აარიდებენ.

ჟაოს დაცვის მხარე აღნიშნავდა, რომ Binance-მა უპრეცედენტო მოცულობის ჯარიმის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჟაო თავის დანაშაულზე პასუხისმგებლობას იღებდა და შესაბამისად პასუხისგებისთვის მზად იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია. Binance-ს ახლა ხელმძღვანელობს რიჩარდ ტენგი , რომელიც ადრე აბუ დაბის გლობალური ბაზრის მთავარი მარეგულირებელი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები