ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლოს განმარტებით, ჟაოს ბრალად ედება საერთაშორისო სანქციების დარღვევა, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჟაოს 3 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურატურის მტკიცებით, ჩანგპენგ ჟაო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და მას თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით უნდა მიესაჯოს, რათა ეს სხვა თაღლითებისთვის იმის მკაფიო მაგალითად იქცეს, რომ მხოლოდ ჯარიმის გადახდით ისინი მართლმსაჯულებას თავს ვერ აარიდებენ.
ჟაოს დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ Binance-მა უპრეცედენტო მოცულობის ჯარიმის გადახდაზე განაცხადა თანხმობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჟაო თავის დანაშაულზე პასუხისმგებლობას იღებს და შესაბამისად პასუხისგებისთვის მზადაც არის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.