სამხრეთ კავკასიაში ეკომეგობრული საწვავის, ბიოდიზელის პირველი სერტიფიცირებული საწარმო "ბიოდიზელ ჯორჯია", რომელსაც ბიოდიზელი EU-ს ბაზარზე გააქვს, ახალი საწარმოს აშენებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, მურმან პატარაიამ გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ "ბიოდიზელ ჯორჯია" 2017 წლიდან, HORECA სექტორთან თანამშრომლობით, მეორეულ საკვებ ზეთს გადაამუშავებს და საწვავს ტექნიკურ წარმოებაში იყენებს.
“საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ვაგროვებთ მეორეულ ზეთს ყველგან, მიუხედავად ობიექტის მდებარეობისა. ამის შემდეგ ზეთი ჩვენს საწარმოში მიგვაქვს და ვამუშავებთ ბიო საწვავს, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის ვიყენებთ.
ამისთვის “ბიოდიზელ ჯორჯია” სერტიფიცირებული კომპანიაა. არსებობს მნიშვნელოვანი პლატფორმა, ISCC, სადაც კომპანია რეგისტრირდება და ევროკავშირის დირექტივით, ყოველწლიურ აუდიტს გადის, რათა ორგანიზაცია დარწმუნდეს, რომ კომპანიას აქვს უნარი, აღნიშნული ტიპის ნარჩენები გადაამუშაოს”, - ამბობს მურმან პატარაია.
მისი განმარტებით, სერტიფიკატის მოპოვება მარტივი პროცესი არ არის და მკაცრი სტანდარტების, მათ შორის ლოგისტიკური, სოციალური და სხვა კომპონენტების დაკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული.
“როდესაც სერტიფიცირებას გაივლი, შენი პროდუქტი ევროპის ბაზრისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამის შემდეგ განისაზღვრება საფასო კატეგორია და შემდეგ ვარჩევთ, რომელ ქვეყანაში დავიწყებთ რეალიზაციას, იქნება ეს გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები თუ ა.შ. თუმცა ევროპის ბაზარი სტაბილურობით გამოირჩევა, როგორც გადახდისუნარიანი მყიდველების, ისე მხარდაჭერის თვალსაზრისით”, - აღნიშნავს “ბიოდიზელ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მურმან პატარაია აღნიშნავს, რომ საქართველოში მოპოვებული ნედლეული წარმოების ზრდისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც კომპანიას რეგიონის ქვეყნებში ნედლეულის შეგროვებისთვის მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
“საქართველო პატარა ქვეყანაა, ბაზარიც მცირე აქვს, რის გამოც ბევრი გამოწვევაც არის. მასშტაბი მცირეა და შესაბამისად, ნარჩენებიც საკმაოდ მცირეა. ქვეყნის მასშტაბით 200 ტონამდე ნედლეულს ვაგროვებთ, რაც ბევრი არ არის.
სწორედ ამიტომ, პროექტს უფრო რეგიონალური მასშტაბით ვუყურებთ, რათა ზეთის შემოტანა და შემდეგ აქ, თანამედროვე საწარმოში გადამუშავება მოხდეს. ამ კუთხით უკვე გვაქვს მცირე ნაბიჯები და ჩვენი პარტნიორი შემგროვებელი კომპანია უკვე ოპერირებს სომხეთში. შემგროვებლები გვყავს აზერბაიჯანსა და ყაზახეთსა და ჩინეთშიც კი.
წელს ახალი საწარმოს მშენებლობასაც ვიწყებთ, მიწა უკვე შერჩეულია, გადავდივართ უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე, რათა შეგროვებული ზეთის გადამუშავება და ევროკავშირში გაგზავნა მალე დავიწყოთ”, - აცხადებს “ბიოდიზელ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი.