მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიოგრაფი ლივინგის" გაყიდვებში უცხოელი ინვესტორების წილი თითქმის 40%-ს შეადგენს - ვასილ ფხაკაძე

ვასილ ფხაკაძე

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარი ამჟამად სტაბილურ ფაზაშია და წელს სექტორში საშუალოდ 5%-იან ზრდას ელიან. მისივე თქმით, უცხოელების წილი ზოგად გაყიდვებში საკმაოდ გაზრდილია. ამის შესახებ ფხაკაძემ თბილისში მიმდინარე უძრავი ქონების ფორუმზე განაცხადა, რომელსაც კომპანია „ინვესტ ინ ჯორჯია“ (Invest in Georgia) საქართველოში უკვე მესამედ მართავს.

ცნობისთვის ღონისძიებაში მონაწილეობენ ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და მსხვილი ქართული დეველოპერული კომპანიები, მათ შორის: „ბიოგრაფი ლივინგი“, „მეტროპოლი“, „VR holdings“, „Redco“ და „Astoria“.

„ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს, 'ინვესტ ინ ჯორჯიასთან' და როგორც აღნიშნეთ, უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას მათ მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების ფორუმში. ძალიან გვახარებს, რომ საქართველოს მიმართ მოთხოვნა და ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რაც აისახება კიდეც იმ ინვესტორების რაოდენობაზე, რომლებიც ამ ფორუმში მონაწილეობენ. რაც შეეხება 'ბიოგრაფიის' წილს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გაყიდვებში უცხოელი ინვესტორების წილი ყოველწლიურად იზრდება და თითქმის 40%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს აქვთ მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივს მიიღებენ და ენდობიან იმ პროდუქტს, რომელსაც 'ბიოგრაფია' სთავაზობს.

ბაზარი და მოთხოვნა არის ძალიან სტაბილური, რაც კარგია და ჩვენ ველოდებით, რომ წელს უძრავი ქონების ბაზარზე საშუალოდ 5%-იანი ზრდა იქნება. რაც შეეხება უცხოელების მოთხოვნას, როგორც უკვე აღვნიშნე, მათი წილი ზოგად გაყიდვებში საკმაოდ გაზრდილია. ეს ხსნის ერთ ძალიან საინტერესო ტენდენციას: ბაზარზე უფრო და უფრო მეტი პრემიალური პროექტი გამოდის, რადგან უცხოელების მოთხოვნა სწორედ პრემიალურ და მაღალი ხარისხის პროდუქტზეა. შესაბამისად, დეველოპერებიც ცდილობენ, მოერგონ ამ მოთხოვნებს. იყენებენ უფრო ხარისხიან ფასადის მასალებს, ავითარებენ მულტიფუნქციურ პროექტებს და ამ მიმართულებით უფრო მეტ დროს ხარჯავენ", - განაცხადა მან.

„ბიოგრაფი ლივინგის“ ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიალური კლასის მშენებლობა გულისხმობს თანამშრომლობას წამყვან ევროპულ ბრენდებთან, როგორებიცაა გერმანული Kerabeka, შვეიცარიული Schindler და გერმანული Schüco.

რაც შეეხება ფასებს, ფხაკაძე განმარტავს, რომ მაღალი ხარისხის მასალების გამოყენება ზრდის პროექტების თვითღირებულებას, რაც საბოლოოდ გასაყიდ ფასზეც აისახება.

"ჩვენი პროექტების მაგალითზე რომ ვთქვათ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მშენებლობის მასალების მიმართულებით წამყვან ევროპულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ვიყენებთ 'კერაბეკას' ტერაკოტას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული კომპანიაა მსოფლიოში. Schindler-ის ლიფტებს, რომელიც წამყვანი შვეიცარიული კომპანიაა. ასევე ვთანამშრომლობთ Schüco-სთან. ეს არის გერმანული ქარხნის წარმომადგენელი კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ალუმინის სისტემებს აწარმოებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს ინვესტორების მხრიდან დიდ ინტერესს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ახლა უფრო სტაბილურ ფაზაში ვართ, რაც ყოველწლიურად საშუალოდ 5%-იან ზრდას გულისხმობს. რაც შეეხება ზოგადად ფასებს ბაზარზე, სწორედ იმ მოთხოვნიდან და მიწოდებიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე, უფრო მეტი პრემიალური პროდუქტის შექმნა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ თვითღირებულება დეველოპერებისთვის იზრდება. ეს, საბოლოო ჯამში, აისახება გასაყიდ ფასზეც. ერთის მხრივ, შეიძლება გამოჩნდეს, რომ ფასი გაზრდილია, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს, რომ დღეს თბილისში უფრო ხარისხიანი პროდუქტი იქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ განხორციელებული ინვესტიცია საბოლოოდ უფრო მეტად დაუფასდება და მას მეტ ამონაგებს მოუტანს", - განაცხადა “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები