მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიოლის” ტერიტორიაზე დღეიდან ოთხი შალე გაიხსნება

შალე

ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე კურორტის ტერიტორიაზე ოთხ შალეს დღეიდან ხსნის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობა გასულ წელს შემოდგომაზე დაიწყო და პირველ სტუმრებს წელს, 31 დეკემბერს მიიღებს. ამასთან, ადგილზე 3000 კვ.მ ფართობზე ხელოვნური ტბა კეთდება, რომელზე მუშაობაც ამ დრომდე მიმდინარეობს.

„კოტეჯები არის სულ მთლიანად ხის, მათ შორის ფანჯრებიც. შალე, რომელსაც "გრანდ შალე" ჰქვია, ორ საძინებლიანია, ხოლო დანარჩენი შალეები 1-საძინებლიანია. „გრანდ შალეში“ კომფორტულად 4 ადამიანი დაეტევა, ხოლო დანარჩენ შალეებში ორ-ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საწოლის დადგმის შესაძლებლობაცაა.

კოტეჯებს პირველად საახალწლოდ ვხსნით. 31 დეკემბერს უკვე ყველა კოტეჯი გაქირავებული გვაქვს“, - ამბობს ბიზნესმენი.

მჭედლიძის ინფორმაციით, პროექტში ჯამურად, დაახლოებით 900 000 დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე კომუნიკაციებით უზრუნველყოფასაც მოიცავდა.

რაც შეეხება ფასებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ ფასები სეზონზე იქნება დამოკიდებული. რა არის ერთი ღამით განთავსების ღირებულება ამ ეტაპზე, მისთვის უცნობია.

თამაზ მჭედლიძე ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი აქვს, ვინაიდან ჯავშნები ძალიან შეუმცირდათ.

როგორც ბიზნესმენმა ინტერვიუში განაცხადა, ქალაქგარეთ, კოჯორში მდებარე კურორტი, ძირითადად, სწორედ უცხოელ ვიზიტორებზეა გათვლილი, ახლა კი ქვეყანა ტურისტების დეფიციტს განიცდის.

"მე კი ვგეგმავ ყველაფერს, თითქოს არაფერი არ ხდება მსოფლიოში, მაგრამ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი. ხომ ხედავთ ქვეყანაში რა ხდება?! - არ ვიცი რა იქნება ან როგორ იქნება", - განაცხადა ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები