მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად დაეცა

63df5837c66cd
გიორგი თოლორდავა
05.02.23 23:50
17107
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი მკვეთრად ეცემა - ერთ დღეში ძვირფასი მეტალის ღირებულება 2.5%-ით შემცირდა, ერთკვირიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 3.3%-ს აღწევს. ამჟამად უნცია ოქროს ფასი 1,865 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიანი მინიმუმია.

ოქროს ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მიერ უახლესი მონაცემების გასაჯაროებასთან. როგორც ირკვევა, იანვარში აშშ-ის მასშტაბით უმუშევრობის დონე 3.4%-მდე შემცირდა, რაც 1970-იანი წლების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.

ზოგადად, უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელსაც ფედერალური რეზერვი აქტიურად იყენებს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. უმუშევრობის შემცირება FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდა; უმუშევრობის დონის ზრდას კი საპირისპირო გავლენა აქვს.

გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები