მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ კვირაში საქონლის ღირებულება 3%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 80 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 8%-ითაა გაიაფებული.

ერთ თვეში 14%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 44 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი 65%-ითაა გაიაფებული.

ენერგორესურსების გაიაფება პირდაპირ კავშირშია OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრასთან, რომელიც გასულ შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.

შესაბამისად, ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით OPEC-ის გადაწყვეტილება სწორედ ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. თავის მხრივ, შეხვედრის გადადება ტრაგიკული მოვლენა არ არის, თუმცა ეს სიახლე ინვესტორებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს.

ინვესტორები შიშობენ, რომ OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეული განხეთქილებაა და მათ მიწოდების საკითხზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ. როგორც ცნობილია, კარტელის ნაწილი ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვებას ითხოვეს, რასაც დასავლეთიდან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლა განაპირობებს. მეორე ნაწილს კი მიწოდების შემცირება და ამით ბირჟაზე ფასების გაზრდა სურს, უშუალოდ ამ იდეას განსაკუთრებით უჭერენ მხარს საუდის არაბეთის და რუსეთის ლიდერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები