კვირის პირველი სავაჭრო სესია ენერგეტიკულ ბირჟაზე მკვეთრი ზრდით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის ფონზე, ბირჟაზე ნავთობის ღირებულება საშუალოდ 15%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 107 დოლარს უახლოვდება, ხოლო WTI-ის ფასი 104 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ თვეში 60%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ამ ცვლილების ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე, ნავთობი თითქმის 80%-ით არის გაძვირებული.
რაც შეეხება ბუნებრივ აირის, ევროპის მასშტაბით ის ერთ დღეში 14%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 112%-ს აღწევს. ზრდის ფონზე, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ფასი მეგავატ/საათზე 63 ევროს აღწევს.
ექსპერტების შეფასებით, ნავთობის და გაზის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან, კონფლიქტის ესკალაციასთან და სხვა ქვეყნების პოტენციურ ჩართვასთან, რაც ყურის ქვეყნებთან მიმართებით რისკებს ზრდის და ჰორმუზის სრუტეს აფერხებს, რომელიც, თავის მხრივ, გლობალური მიწოდების თითქმის 30%-ს ატარებს.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, თუკი სრუტე რამდენიმე კვირით ჩაიკეტება, მაშინ ნავთობის ფასი მარტივად მიაღწევს 150-დოლარიან ნიშნულს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.




























