საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა 103 დოლარს მიაღწია, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ფასი ერთ თვეში 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ზრდა 68%-ს აჭარბებს. რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის თითქმის 98 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 6%-იან და წლის განმავლობაში 68%-იან ზრდას წარმოადგენს.
ნავთობის პარალელურად, მკვეთრად არის გაძვირებული ბუნებრივი აირი, რომელიც მეგავატ/საათზე 80 ევროს აღწევს, რაც ერთ თვეში 37%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობისთვის, წელს გაზი თითქმის 185%-ით არის გაძვირებული.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ნავთობის მკვეთრი გაძვირება სპარსეთის ყურეში აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მორიგ ტალღას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ამერიკულმა მხარემ ირანული ნავთობმზიდები გაანადგურა მას შემდეგ, რაც თეირანმა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშის მიტანა სცადა. პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ოთხ ქალაქზე მიიტანეს იერიში, რასაც 70-ზე მეტი ადამიანის დაშავება და ნავთობობიექტებზე ხანძრის გაჩენა მოჰყვა.
სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის კრახით დასრულების გამო, ინვესტორები ფიქრობენ, კონფლიქტი ვერც აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ვერ მოგვარდება, რაც ბაზარზე რისკის პრემიას კრიტიკულად ზრდის.
ენერგომატარებლების გაძვირება გლობალური ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის შიშებს ამძაფრებს. არსებული პროგნოზით, ეკონომისტები წლის ბოლომდე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სულ მცირე ერთჯერად ზრდას ელოდებიან. თუკი ნავთობის ფასი 100-დოლარიან ნიშნულზე მაღლა შენარჩუნება, მაშინ შეიძლება FED-ს ორი ინტერვენცია მოუწიოს.
























