საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლა ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 78 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 73 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 62 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.
IEA-ის შეფასებით, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წელს ნავთობის დღიური წარმოება საშუალოდ 2.4 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს, თუმცა OPEC-ის წევრი სახელმწიფოები საპირისპირო ნაბიჯს დგამენ და დღიურ მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით ამცირებენ.
ამჟამად ნავთობის ფასს სწორედ სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს.