საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება, - ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,740 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 40%-ს შეადგენს, ხოლო ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 4%-ია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებასთან. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ოქროსთან მიმართებით ამერიკული დოლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, ამის ეფექტს კი ახლა ბირჟაზე ვხედავთ.
გარდა ამისა, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.