მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury-ის საქართველოში მაინინგიდან 91 მლნ დოლარის შემოსავალი აქვს

615eb940320bc
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 00:00
4448
Bitfury საქართველოში უმსხვილესი მაინინგ ცენტრის ოპერატორია. კომპანია თბილისის ტექნოლოგიურ პარკში მდებარე დატა ცენტრის მეშვეობით მაინინგით, ანუ კრიპტოვალუტების გამომუშავებით არის დაკავებული.

Bitfury საქართველოში მისი შვილობილის - “ბი ეფ დი სი ჯორჯიას” მეშვეობით საქმიანობს, კომპანიამ რამდენიმე დღის წინ 2019 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2019 წელს მისი შემოსავალი საქართველოში $91 მილიონი იყო, აქედან უშუალოდ მაინინგის საქმიანობიდან კომპანიამ $88.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას საქართველოში 2019 წელს $2.6 მილიონის წმინდა მოგება ჰქონდა.

“ბიტფური გრუფ ლიმიტედი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია, რომლის მიზანიც არის ბიზნესკომპანიებისთვის, მთავრობებისთვის, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბლოკჩეინის ქსელში აქტივების გადაადგილებისთვის საჭირო პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის გადაწყვეტების შემუშავება და მიწოდება.

ჯგუფის ერთპიროვნული მფლობელია ბიტფური ჰოლდინგი ბი.ვი. (ნიდერლანდები),”- ნათქვამია კომპანიის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიისთვის წამყვანი დანახარჯი კომუნალური და საკომუნიკაციო ხარჯები იყო, რაზეც “ბი ეფ დი სი ჯორჯიამ” $33.7 მილიონი დახარჯა. ასევე ცვეთის ხარჯები $23.7 მილიონი იყო. მთლიანობაში კომპანიისთვის გაყიდვების თვითღირებულებამ $62.7 მილიონი შეადგინა.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები $109 მილიონი იყო.

“ბი ეფ დი სი ჯორჯია” მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია. ესკოს მონაცემებით, 2019 წელს კომპანიამ 534 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელს 131.7 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა, 2021 წლის რვა თვეში კი 276 მილიონ კილოვატ საათამდე გაიზარდა, რაც გააქტიურებულ მაინინგზე მეტყველებს. 

კომპანია საქართველოს გარდა ბლოკჩეინ დატა ცენტრებს კანადასა და ყაზახეთშიც ფლობს.

კომპანიას 2020 წლის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები