"ბიტკოინების საქმე" უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა BM.GE-სთან განაცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს, 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.
ჩვენთან საუბარში ბაჩიაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ეს იმ ლოგიკაში ჯდება, რომელიც პროკურატურასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდათ. მისი თქმით, საქმე ფალსიფიცირებულია.
„ეს არის ფალსიფიცირებული საქმე, რომლის უკან არ არის მართლმსაჯულების ინტერესი. და დღევანდელმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ ეს უსამართლობა არ დარჩეს პასუხის გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ყოველთვის ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც ქართული მართლმსაჯულება ფაქტობრივად არის მიტაცებული და არავითარი იმედი სამართლიანობის და სამართლის აღსრულების ინსტიტუციისგან აღარ დარჩა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მისივე თქმით, განაჩენი გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში, რის შემდეგაც გახსნილი იქნება გზა საერთაშორისო ინსტანციებისკენ. [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს].
ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ სხვა საქმეებზე, მათ შორის კრიპტოვალუტის, მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამ ეტაპზე პროცესები ჩანიშნული არ არის.


























