ARK Investment Management-ის ხელმძღვანელისა და ცნობილი ინვესტორის, კეტი ვუდის განცხადებით, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დეფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების მიზნით ის ბიტკოინს ირჩევს და არა ასეთ დროს გამოყენებულ ტრადიციულ ფინანსურ აქტივებს, მათ შორის ოქროს და ნაღდ ფულს. კეტი ვუდის შეფასებით, მომდევნო ათწლეული სწორედ ფასების შემცირებით იქნება გამორჩეული, რასაც, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის, ელექტრომანქანების, რობოტიკის, გენური ინჟინერიისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება განაპირობებს.
“ბიტკოინი, ცხადია. ბიტკოინი ჰეჯირების საშუალებაა, როგორც ინფლაციის, ასევე დეფლაციის წინააღმდეგ, რადგან ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს კონტრაგენტის რისკისთან, ხოლო ინსტიტუტები, ამ პროცესში, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ”, - აღნიშნა კეტი ვუდმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძნა, რომ მისი აზრით, ბიტკოინი - ციფრული ოქროა.
კეტი ვუდის ეს პოზიცია მოულოდნელი არ არის, მეტიც - ის ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგია და ელის, რომ მომდევნო ათწლეულში, კრიპტოვალუტის ფასი მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დღეს, ერთი ბიტკოინი $36,600-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც დაახლოებით 50%-ით ნაკლებია, ვიდრე პიკური ფასი, რომელიც ბიტკოინმა 2021 წელს დააფიქსირა.
კეტი ვუდი, როგორც იცით, ARK Investment Management-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც მაღალი რისკ-აპეტიტით გამორჩეული საინვესტიციო კომპანიაა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კეტი ვუდის სტრატეგია მეტ-ნაკლებად სარისკო აქტივებში ინვესტირებას ითვალისწინებს. ARK Investment Management-ის აქტივებს შორის ვხვდებით, როგორც საფონდო ბირჟაზე დალისტულ ერთადერთ კრიპტობირჟა Coinbase-ს, ასევე ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს, ვიდეოთამაშ Roblox-სა და ანალიტიკურ კომპანია Palantir Technologies-ს.