საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბიტკოინის ფასი ამჟამად 48,000 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 940 მილიარდი დოლარია. ერთკვირიან პერიოდში ბიტკოინის გაძვირების მაჩვენებელი 11%-ს აჭარბებს.
მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,500 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $298 მილიარდია, რაც 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია იმ საბაზრო ტენდენციასთან, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. მოგეხსენებათ, Nasdaq-ის და Dow Jones-ის ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალის ბაზარზე მაღალი აქტიურობა შეინიშნება და ინვესტორების ინტერესი შედარებით სარისკო აქტივების, მათ შორის, კრიპტოვალუტების მიმართაც იზრდება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადართვას გეგმავს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია.