ბიტკოინის დეველოპერი ლუკ დაშირი, რომელიც ბლოკჩეინ პროექტის დახვეწასა და განვითარებაზე წლებია მუშაობს, კიბერშეტევის სამიზნე გახადა.
დაშირის განმარტებით, ჰაკერებმა მისი კრიპტო საფულიდან ასობით ბიტკოინი მოიპარეს, რომლის ღირებულებაც ამჟამინდელი კურსით 3.6 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც დეველოპერი ამბობს, ის ბიტკოინის შესანახად ოფლაინ, მყარ საფულეს იყენებდა, რომელიც ბოლოს სექტემბერში გააქტიურა. როგორც ჩანს, ჰაკერებს მისი პირადი გასაღები ჩაუვარდათ ხელში, რომლის დახმარებითაც მათ კრიპტო საფულიდან დაშირის კუთვნილი ბიტკოინის მოპარვა შეძლეს.
მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაოც. მისი განცხადებით, Binance-ის გუნდი ყველაფერს გააკეთებს ლუკ დაშირის დასახმარებლად და მოპარული კრიპტოაქტივების მისაკვლევად.
ჩანგპენგ ჟაოს საჯაროდ არაერთხელ უთქვამს, რომ თვითმომსახურების სერვისებს, მათ შორის, მყარ საფულეებს ცენტრალიზებული კრიპტობირჟა სჯობს, რადგან ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას თავად კომპანია იღებს, ოფლაინ საფულეების შემთხვევაში კი - არავინ.



























