მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი $31,000-მდე გაიზარდა, ეთერიუმის - 2,100 დოლარამდე

643902d38748f
გიორგი თოლორდავა
14.04.23 11:50
783
კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბიტკოინის ფასმა 31,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 3%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი მატების მაჩვენებელი 11%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოაქტივს, ეთერიუმის ფასი 2,100 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 255 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ კვირაში ეთერიუმის ფასი 14%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ეთერიუმის ტექნიკური განახლება, რომელმაც კრიპტოპროექტის შესაძლებლობები უნდა გაზარდოს.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად: Solana-ს ფასი 24%-ით გაიზარდა; Cardano-ს ღირებულებამ კი 16%-ით მოიმატა; BNB-ის ფასი კი 8%-ითაა გაზრდილი.

კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთსა და სარისკო აქტივების ფასებს შორის საპირისპირო მიმართებაა; რაც უფრო მკაცრია მონეტარული პოლიტიკა - მით უფრო მეტად უფასურდება სარისკო აქტივები და პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები