მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითებმა ბიტკოინ ATM-ებით $114 მილიონი მოიპარეს

btc atm

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, იზრდება თაღლითური მეთოდების რაოდენობა. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის ინფორმაციით, კიბერდამნაშავეებმა ბიტკოინ ATM-ების, ანუ იგივე ჩარიცხვის აპარატების დახმარებით გასულ წელს 114 მილიონი დოლარი მოიპარეს, რაც 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოგეხსენებათ, ATM-ის დანიშნულება ნაღდი ფულის სანაცვლოდ ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის მიღება, ან პირიქით - მისი განაღდებაა. ამ შემთხვევაში, თაღლითები ხშირად მსხვერპლს ტელეფონით ან ელ. ფოსტით უკავშირდებიან. ისინი თავს წარმოადგენენ ბანკის ან სახელმწიფო უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებად და მსხვერპლს ატყობინებენ, რომ მისი საბანკო ანგარიში დაბლოკილია და შეზღუდვის მოსახსნელად მყისიერი მოქმედებაა საჭირო. ამის შემდეგ, თაღლითები მსხვერპლს სთხოვენ, ნაღდი ფული ბიტკოინ ATM-ში შეიტანონ, რათა ტრანზაქცია უსაფრთხოდ განხორციელდეს. საბოლოოდ, ისინი მსხვერპლს QR-კოდს უგზავნიან, რომლის დასკანერებით ფული თაღლითის საფულეში გადადის.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზარალის საშუალო მოცულობა ამერიკაში 10,000 დოლარს შეადგენს და ასეთი თაღლითური სქემის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ის ხანდაზმული მოქალაქეები არიან, რომელთაც საბანკო დეპოზიტზე დიდი მოცულობით დანაზოგები აქვთ.

როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, ასეთი ტიპის დანაშაულის აღკვეთა განსაკუთრებით რთულია, რადგან თაღლითის მიკვლევა და მოპარული თანხის კონფისკაცია თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან, დამნაშავეების უმეტესობა უცხოეთშია ბაზირებული, ხოლო თავად ანგარიშები ანონიმურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები