მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 8,000 დოლარს მიაღწევს ანუ მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონი დოლარი გახდება.
ამჟამად ეთერიუმის ფასი 1,540 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, კრიპტოაქტივის ფასი ბირჟაზე დაახლოებით 420%-ით გაიზრდება.
პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.
ეთერიუმის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად ანალიტიკოსები კრიპტოაქტივებზე მოთხოვნის ზრდას და თავად ეთერიუმის განვითარებას ასახელებენ. მათი შეფასებით, მომავალში სულ უფრო მეტი დეცენტრალიზებული პროექტი დაშენდება ეთერიუმზე, რაც მასზე მოთხოვნას გაზრდის.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები დიდ იმედს ამყარებენ ბიტკოინის ჰალვინგზე, ანუ მოვლენაზე, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება. მომდევნო ჰალვინგი 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი ჰალვინგის შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.
რაც შეეხება უშუალოდ ბიტკოინს, Standard Chartered-ის პროგნოზით, მომავალ წელს მისი ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს, ანუ საქმე გვექნება 350%-იან ზრდასთან და მისი კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი გახდება.