ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის მორიგი ტალღის გააქტიურებამ გლობალურ ბაზრებზე სარისკო აქტივების მიმართ ინვესტორთა ინტერესი შეამცირა. კერძოდ, ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე განმეორებითი სამხედრო იერიშის მიტანის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა კრიპტოაქტივების სექტორზე ნეგატიური ზეწოლა გაზარდა და ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის 3%-იანი შემცირება გამოიწვია.
ამჟამად ბიტკოინის ფასი $80,000-ის ფარგლებშია, რაც 2.8%-იან გაუფასურებას წარმოადგენს; ხოლო ეთერიუმის ფასი $2,300-ს შეადგენს, რაც 4.5%-იანი კორექციაა.
ანალიტიკოსების შეფასებით, კრიპტოაქტივების დაღმასვლის მიზეზი ენერგეტიკული კრიზისის გამწვავებაა. ბუნებრივია, ნავთობისა და გაზის გაძვირება გლობალურ ინფლაციურ რისკებს აძლიერებს, რაც აშშ-ის ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს. გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი კი სარისკო აქტივების მიმართ ინვესტორების ინტერესს ამცირებს.
ლოგიკა მარტივია, რაც უფრო მეტი ხანი იქნება ნავთობი $100-დოლარიან ნიშნულზე მაღლა, მით უფრო მეტად გაიზრდება ინფლაცია და მის საპასუხოდ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკი. შესაბამისად, ინვესტორები შიშობენ, რომ ირანის კონფლიქტი უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, რაც ბაზარზე რისკის პრემიას დრამატულად ზრდის.























