საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 110 მილიარდ დოლარს აღწევს.
ერთ კვირაში ბიტკოინის ფასი 9%-ითაა გაზრდილი და მისი ღირებულება ამჟამად 29,300 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 571 მილიარდი დოლარია.
მკვეთრად მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 1,585 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $190 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე გავრცელებულ უახლეს ცნობებთან. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის Spot ETF-ის ანუ ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება.
ამ ცნობებს ადასტურებს თავად კომისიის ხელმძღვანელი, გარი გენსლერიც, რომელსაც ზუსტი თარიღები არ დაუდასტურებია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ბიტკოინი სასარგებლო ტექნოლოგიაა, რომელთან წვდომა უფრო მეტ ინვესტორს უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს მათი უსაფრთხოების შეზღუდვის და კანონის დარღვევის გზით.
ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. ბიტკოინის ETF-ის მეშვეობით ინვესტორები კრიპტოაქტივის შეძენას პირდაპირ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე შეძლებენ, უოლ-სტრიტზე რეგისტრირებული ბროკერებიდან, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტობირჟებთან საქმიანობას არ იჭერენ.
ETF-ის დამტკიცება, სავარაუდოდ, კრიპტოაქტივებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.