2024 წელი კრიპტოინდუსტრიისათვის განსაკუთრებით საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა, მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი მოვლენების ფონზე, ბიტკოინის ფასი რეკორდულ 108,000 დოლარამდე გაიზარდა, ინდუსტრიის საერთო შეფასებამ კი 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.
კრიპტობირჟის აღმასვლის ფონზე, ყოველდღიურად იზრდება ბიტკოინითა და სხვა აქტივებით გამდიდრებული ინვესტორების რაოდენობა. მიმდინარე წელს ბიტკოინით გამდიდრებული მილიონერების რაოდენობამ 17,000-ს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ბიტკოინზე უკეთესი შედეგი, ისტორიულად, არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ აქვს, რადგან ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე ბიტკოინი 160 მილიონი პროცენტით არის გაძვირებული, რაც გლობალური რეკორდია.
რა გავლენა ჰქონდა ბიტკოინის ჰალვინგს ინდუსტრიაზე?
ბიტკოინის აღმასვლას არაერთი მიზეზი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰალვინგია, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგ, ბიტკოინის მაინინგ რთულდება და კრიპტოვალუტის მოპოვებით მისაღები ჯილდოს მოცულობა ნახევრდება. აღნიშნული მოვლენა ბიტკოინის მდგრადობის საყრდენად ითვლება, რის გამოც, სატოში ნაკამოტომ ის კრიპტოვალუტის კოდში ჩაწერა, როგორც მისი ფუნდამენტი. ჰალვინგი, როგორც წესი, ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და ბოლო ჰალვინგი სწორედ მიმდინარე წლის აპრილში შედგა, რომლის შემდეგ ბირჟაზე ბიტკოინის მკვეთრი აღმასვლა დაიწყო, რადგან ჰალვინგის შემდეგ ბიტკოინი იმაზე რთულად მოსაპოვებელ რესურსად იქცა, ვიდრე ის აქამდე იყო, თავად აქტივის ფასის ზრდა კი მოთხოვნა-მიწოდების მარტივმა პრინციპმა განაპირობა.
აშშ-ის კომისიამ ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-ები დაამტკიცა
2024 წლის ზაფხულში, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ბიტკოინის და ეთერიუმის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა, რითაც ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე კრიპტოაქტივების გამოჩენას აუნთო მწვანე შუქი. ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ბიტკოინის ან ეთერიუმის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები, მაგალითად, ოქრო და აქციები. ექსპერტების შეფასებით, კრიპტო ETF-ებზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით კომპანიების და მსხვილი ინვესტორების მხრიდან, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, კრიპტოინდუსტრიის აღმასვლას განაპირობებს.
რა გეგმები აქვს დონალდ ტრამპს კრიპტოაქტივებთან მიმართებით?
2024 წლის მთავარი მოვლენა, რომელმაც კრიპტოინდუსტრიას რეკორდული ტემპით აღმასვლის საშუალება მისცა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელი კანდიდატი პრო-კრიპტო პოლიტიკოსია და ეს მისი წინასაარჩევნო დაპირებებიდანაც ჩანს. ტრამპის განცხადებით, ამერიკაში შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, ისეთი, როგორიც ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. გარდა ამისა, ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.
გარდა ამ ყველაფრისა, ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად, რესპუბლიკელმა სენატორებმა წარმოადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ხაზინას ავალდებულებს, შეიძინოს 1 მილიონი ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც თითქმის 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს ამერიკის ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ეროვნული ვალის შემცირებას, რადგან ბიტკოინთან მიმართებით ამერიკული დოლარი უფასურდება, კრიპტოვალუტის ფლობით კი ფედერალური ხაზინა ამ რისკის დაზღვევას შეძლებს.
ასევე, ტრამპმა პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მისი ადმინისტრაციის პირველ ას დღეში შეიმუშავებს ახალ პრო-კრიპტო რეგულაციებს და გააუქმებს ისეთ კანონებს, რომელთა გამო ინდუსტრია უაზროდ იზღუდება. ამასთან, ეროვნული საინვესტიციო საბჭოს, ფინანსურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ტრამპი პრო-კრიპტო ადამიანების დანიშვნას გეგმავს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოინდუსტრიის მიმართულებით დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე აქტიური პრეზიდენტი იქნება, რაც ბიტკოინისა და სხვა აქტივების ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.
კრიპტობირჟა BINANCE-ის დამფუძნებელმა 4 თვე პატიმრობაში გაატარა
პოზიტიურ მოვლენებთან ერთად, 2024 წელს არაერთი არასახარბიელო სიახლეც გავიგეთ, რაც, ძირითადად, კრიპტოინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებთან იყო დაკავშირებული. ამ კომპანიებს შორის უმსხვილესი, რა თქმა უნდა, კრიპტობირჟა Binance-ია, რომელსაც ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია და შემდეგ ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2024 წელი იმდენად უცნაური იყო, რომ თითქმის $60-მილიარდიანი ქონების პატრონს ოთხი თვის ციხეში გატარება მოუწია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ჩანგპენგ ჟაო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პატიმარი გახდა. სასამართლოს განმარტებით, ჟაოს ბრალად ედებოდა საერთაშორისო სანქციების დარღვევა, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჟაომ ბრალი აღიარა, სასჯელიც პირნათლად მოიხადა და დიდი მოცულობის ჯარიმაც გადაიხადა. როგორც ცნობილია, ის Binance-ის მართვის პროცესში აღარ არის ჩართული და ამჟამად სხვა პროექტების განვითარებითაა დაკავებული.
კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა
ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით წლის მთავარი მოვლენა გაკოტრებულ კრიპტობირჟა FTX-თან იყო დაკავშირებული. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორს და გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით მიესაჯა. გარდა ამისა, მის კომპანიას 11 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.
ბენკმენ-ფრიდთან ერთად, FTX-ის მენეჯერს და ჰეჯ-ფონდ Alameda-ს ხელმძღვანელს, კაროლინ ელისონს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თაღლითების ციხეში გაშვებასთან ერთად, ამერიკის სასამართლომ FTX-თან დაკავშირებით რესტრუქტურიზაციის სტრატეგია საბოლოოდ დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის კრედიტორები დაკარგულ აქტივებს 119%-ით დაიბრუნებენ, ანუ ძირ თანხასთან ერთად, მათ მოგებაც დაერიცხებათ.
საერთო ჯამში, კომპანია მომხმარებლებსა და ინვესტორებს 17 მილიარდი დოლარის აქტივებს დაუბრუნებს, რომლის შემდეგ ის საქმიანობის აღდგენის და ოპერირების გაგრძელების უფლებას მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტობირჟას ახალი ხელმძღვანელობა გაუძღვება და მისი მფლობელობის სტრუქტურაც შეიცვლება. კომპანიის აქციონერებს შორის იქნებიან თავად კრიპტობირჟის დაზარალებული მომხმარებლებიც და ისინი კომპენსაციას სწორედ დივიდენდების სახით მიიღებენ.
ცნობისთვის, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე FTX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა. 2022 წელს FTX-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწია. FTX-ის გაკოტრებით კრიპტოინდუსტრიას დაახლოებით $200 მილიარდის ზარალი მიადგა.
კრიპტოპროექტ TERRA/LUNA-ს რეკორდული $4.5 მილიარდის ჯარიმა დაეკისრა
2024 წელს კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორი და პროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელი, დო კვონი ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დამნაშავედ და თაღლითად ცნო. ამასთან, Terra/Luna-ს 4.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
აქვე შეგახსენებთ, რომ Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს 50 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. სასამართლოს დასკვნით, Terra/Luna თავისი არსით ფინანსური პირამიდა იყო, მისი დამფუძნებლები კი თაღლითები იყვნენ.
თაღლითურმა კრიპტობირჟა CELSIUS-მა კრედიტორებს $3 მილიარდი უნდა დაუბრუნოს
2024 წელს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში Celsius-იც აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულმა კრიპტობირჟა Celsius-მა კრედიტორებს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის აქტივები უკან უნდა დაუბრუნოს.
თუკი Celsius-ის ხელმძღვანელობა ამას მართლაც შეძლებს, მაშინ კომპანია რესტრუქტურიზაციის და საქმიანობის აღდგენის უფლება მიიღებს. სავარაუდოდ, კომპანიის პროფილი შეიცვლება და ის კრიპტო მაინინგის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას, ნაცვლად ტრედინგისა.
უნდა აღნიშნოს, რომ Celsius-ის დამფუძნებელმა, ალექს მაშინსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ის 7 ბრალდებიდან 2-ში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
როგორც მაშინსკი აღნიშნავს, ის დამნაშავეა ფინანსურ თაღლითობაში და ე.წ. პირამიდის ოპერირებაში, რაც კრიპტოაქტივის ფასის მანიპულირებას და ინვესტორების მოტყუებას მოიცავდა.
უშუალოდ სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან გამოძიება ისევ გრძელდება და პროკურატურა ახალი ბრალდებების წაყენებას აპირებს, რაც, სავარაუდოდ, საქმეს უფრო მეტად დაამძიმებს. თავად აღიარებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მაშინსკიმ სასჯელის შემსუბუქების იმედით მიიღო, რადგან, როგორც ჩანს, მის ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ თაღლითი ბიზნესმენი პატიმრობას ვერ გადაურჩება და ერთადერთი ლოგიკური ქმედება სასჯელის ვადის შემცირებაა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Celsius-ი ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა, ის სესხებსა და დეპოზიტებს კრიპტოვალუტებში გასცემდა, სანაცვლოდ კი საკომისიოს იღებდა. 2022 წელს კომპანია გაკოტრდა, მისი დაფუძნებული კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.