მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი 60,000 დოლარამდე დაეცა – რატომ?

ბიტკოინი

კრიპტოინდუსტრია სტაგნაციიდან აგრესიული რეცესიის ფაზაში გადავიდა. ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოაქტივების დიდი ნაწილის შეფასება ფაქტობრივად განახევრდა. რაც შეეხება ბიტკოინს, მისი ფასი წინა წელს დაფიქსირებული რეკორდული ნიშნულიდან 53%-ით შემცირდა და 60,000 დოლარამდე დაეცა. ანალოგიური შედეგი აქვს ეთერიუმსაც და თუ ბაზრის განწყობის ინდიკატორს დავუჯერებთ, ამჟამად კრიპტოინუდსტრია ექსტრემალური შიშის ფაზაში იმყოფება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კრიპტოინდუსტრიაში განვითარებული მოვლენები რადიკალურად განსხვავდება წინა წლების სისტემური კოლაფსებისგან. თუ ადრე ბაზრის ვარდნას კონკრეტული ბირჟების გაკოტრება ან თაღლითური სქემების მხილება იწვევდა, ბოლო 30 დღის დინამიკა უფრო მეტად გლობალური მაკროეკონომიკური გაურკვევლობითა და ტრეიდერების აგრესიული ლიკვიდაციის ციკლით არის განპირობებული.

მთავარი მაკროეკონომიკური ფაქტორი FED-ის ახალი პოტენციური ხელმძღვანელი, კევინ უორშია, რომელიც მოსალოდნელია, რომ მონეტარულ პოლიტიკას არ შეამსუბუქებს, რაც სარისკო აქტივების გაუფასურებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარმა წინასწარ დაიწყო იმ სცენარის გათამაშება, რომ საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება ისეთი ტემპით, როგორსაც ოპტიმისტები ვარაუდობდნენ. როდესაც კაპიტალი ძვირი რჩება, ინსტიტუციონალური ინვესტორები ერიდებიან ისეთ არასტაბილურ აქტივებს, როგორიც ბიტკოინი ან ეთერიუმია. ბოლო დღეებში დაფიქსირებული ვარდნა კი დიდწილად ETF-ებიდან კაპიტალის გადინებას უკავშირდება, რაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ საფონდო ბირჟამ კრიპტოს მიმართ ინტერესი დაკარგა.

ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა ე.წ. მაინერების კაპიტულაციის ნიშნებიც. ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ, მაინინგის სარგებლის განახევრებამ ბევრი მცირე და საშუალო ზომის მაინერი არარენტაბელურად აქცია. იმისათვის, რომ მათ საოპერაციო ხარჯები, ანუ ელექტროენერგია და აპარატურის განახლება დაფარონ, იძულებულები არიან დაგროვილი კრიპტორეზერვები გაყიდონ, რათა გაკოტრებას თავი აარიდონ, რაც ფასზე ზეწოლას ზრდის.

ასევე უჩვეულოდ მაღალია ტრეიდერების ლიკვიდაციის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრიპტობირჟების მომხმარებლები უჩვეულოდ დიდ რისკს იღებენ და ვალის სანაცვლოდ ლევერიჯირებულ პოზიციებს ხსნიან. როდესაც ბიტკოინის ფასი ეცემა, ასეთი პოზიციების ავტომატური ლიკვიდაცია იწყება, რაც კიდევ უფრო მეტად აჩქარებს კრიპტოვალუტის გაუფასურების პროცესს, რადგან საქმე დომინოს პრინციპთან გვაქვს.

თავად ბიტკოინის მკვეთრი გაუფასურება საცალო ინვესტორების განწყობას ნეგატიურად ცვლის, განსაკუთრებით იმ დამწყები ინვესტორების, რომლებმაც კრიპტო რეკორდულ ფასად იყიდეს და ზრდის იმედი ჰქონდათ.

გარდა ამისა, მიზეზი, რომელიც კრიპტობაზრის მიმართ ოპტიმიზმს ანელებს, პოლიტიკას უკავშირდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში კრიპტოინვესტორები ელოდნენ, რომ მისი გაპრეზიდენტება პროკრიპო პოლიტიკას გააძლიერებდა და ბლოკჩეინს მეტ თავისუფლებას მისცემდა. თუმცა დროსთან ეს ნარატივი გაიფანტა — არც მკაფიო პოზიციაა რეგულაციებზე, არც ინოვაციური პოლიტიკის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულა. უფრო მეტიც, არც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი ჩანს, რომელსაც ტრამპი რამდენიმე თვის წინ აანონსებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ტრამპის ოჯახი საკუთარი კრიპტოაქტივებით და გარიგებებით გამდიდრდა, ხოლო ამით სარგებელი რამდენიმე კომპანიის გარდა, სხვას არავის მიუღია.

ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ზრდა ყოველთვის ემოციურ მოლოდინებზეა დაფუძნებული და არა ეკონომიკურ საფუძველზე. როცა ბაზარზე ახალი ნარატივი ჩნდება, ფასები იზრდება. მაგრამ როცა ეს ემოციური ნარატივი ქრება, ინვესტორები ხვდებიან, რომ რეალური მოთხოვნა მწირია და კრიპტოაქტივების პრაქტიკული დანიშნულება ჯერაც ლიმიტირებულია.

თუკი ამ ობიექტურ ფაქტორებს იმასაც დავამატებთ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური რისკები ყოველდღიურად იზრდება და შეიძლება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ახალი კერაც გაჩნდეს – მარტივად მისახვედრი ხდება, თუ რატომ ეცემა კრიპტოვალუტების შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები