საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3.6%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 540 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბიტკოინის ფასმა დღის განმავლობაში 44,000 დოლარს მიაღწია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 860 მილიარდი დოლარია.
მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,300 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $273 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების ზრდა Binance-ის $4.3 მილიარდით დაჯარიმებასთან და მრავალწლიანი სასამართლო დავის დასრულებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ამ მოვლენით კრიპტოინდუსტრია რეგულირების და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის გზას დაადგა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიის განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე ისაუბრა, რაც ინვესტორებს აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მომავალი წლის პირველი ნახევრიდან ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთვება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერაც უცნობია.