კრიპტოინდუსტრია მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს - ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 430 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 24 საათში 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის ფასმა 65,000 დოლარს მიაღწია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 276 მილიარდი დოლარი გახდა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია და ერთკვირიან პერიოდში 27%-იან ზრდას წარმოადგენს.
ეთერიუმის ფასი 3,550 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 422 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 15%-ს აღწევს.
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ბიტკოინის ჰალვინგის მოახლოებაა, ანუ მოვლენის, რომლის შემდეგ ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება. როგორც წესი, ჰალვინგის შემდეგ ბიტკოინის ფასი მკვეთრად იზრდება, მომდევნო ჰალვინგი კი მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.
აქვე უნდა აღინიშნოს ის საბაზრო ტენდენცია, რომელიც უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. ამჟამად ამერიკული ინდექსები რეკორდულ ნიშნულს უახლოვდებიან, ეს კი სხვა აქტივების ღირებულებაზე, მათ შორის ბიტკოინზეც პოზიტიურად აისახება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი კი საინვესტიციო ფონდების მხრიდან ჩანს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადართვას გეგმავს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.