MicroStrategy-ს დამფუძნებელი და კრიპტოაქტივის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორი, მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც განიხილავს.
სეილორის განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.
სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ MicroStrategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 190,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რაშიც თითქმის 6 მილიარდი დოლარია გადახდილი, ანუ ერთი ბიტკოინის შესყიდვის საშუალო ფასი 31,500 დოლარს შეადგენს.
კომპანიამ ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მოგება უკვე მიიღო, რაც 67%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
მართალია, ეს არ არის რეალიზებული მოგება, ანუ კომპანიას ბიტკოინის პოზიციები არ დაუხურავს და მოგებული თანხა არ გაუნაღდებია, თუმცა ფაქტია, რომ MicroStrategy-ს ფსონი გამართლდა და კომპანიამ კრიპტოაქტივში განხორციელებული სარისკო ინვესტიციით დიდი სარგებელი მიიღო.