მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ ის ბიტკოინს არასოდეს იყიდის და მასში ინვესტირებას არავის ურჩევს.
„მე პირადად ბიტკოინს არასოდეს ვიყიდი და არც თქვენ გირჩევთ, რადგან მასში ინვესტირება რისკებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მე მაინც დავიცავ თქვენს უფლებას, იყიდოთ ის აქტივი, რომელიც მოგესურვებათ, ისევე, როგორც დავიცავ თქვენს უფლებას სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენთვის საზიანოა“, - ამბობს დაიმონი.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბანკირის ამ განცხადების პათოსი მოულოდნელი არ არის, რადგან ზოგადად კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად ბიტკოინის წინააღმდეგ მას ამ დრომდეც გაულაშქრია. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის ერთადერთ ჭეშმარიტ გამოყენებას ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება წარმოადგენს.
JPMorgan-ის დირექტორს სენატორებთან შეხვედრისას ისიც უთქვამს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ის კრიპტოაქტივებს, მათ შორის, ბიტკოინს პირდაპირ აკრძალავდა.