მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუ ბიუმ" სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის მიერ აღიარებული FSSC სერტიფიკატი მიიღო

ჩირინა

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია "ჩირინამ", რომელსაც მომხმარებელი "ბიუ ბიუს" ბრენდის სახით იცნობს, სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის მიერ აღიარებული სერტიფიკატი მიიღო, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, საწარმოში ISO სტანდარტების დანერგვას გულისხმობს - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენმა კომპანიამ მიიღო სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის მიერ აღიარებული FSSC 22000 ვერსია V.6 სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან განახლებებს სურსათის უვნებლობის კულტურაში, ხარისხის კონტროლში, ალერგენების მენეჯმენტსა და გარემოს მონიტორინგში.

FSSC სერტიფიკატი, მოიცავს ISO 22000:2018-სა და ISO/TS 22002-1:2009 სტანდარტებს, წარმოადგენს კომპლექსურ სქემას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემისთვის და აღიარებულია GFSI-ს მიერ.

აღნიშნული ადასტურებს ჩვენი პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და უვნებლობას, რაც გზას უხსნის პროდუქტს ექსპორტისთვის ყველაზე მკაცრ და მომთხოვნ ევროპულ ბაზარზე.

სერტიფიკაცია ჩატარებულია მსოფლიოს ლიდერი სასერტიფიკაციო ორგანოს TUV-Austria-ს მიერ, რაც ადასტურებს "ბიუ ბიუს" პროდუქტის უვნებლობასა და უმაღლეს ხარისხს", - ნათქვამია "ჩირინას" განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ჩირინას“ ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა".

მიმდინარე წელს კომპანია ძეხვეულის, ნაგეთსების და სხვა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ჩირინა“ აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო აქტიურ ოპერირებას აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები