მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან NGO-ების დაფინანსება სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას მოემსახურება - აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზანი სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებაა.

როგორც ცომაიამ BMG-ის განუცხადა, ბიუჯეტიდან არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამების დაფინანსება იმ დანაკლისს ვერ შეავსებს, რასაც საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირიდან მიღებული გრანტების საფუძველზე იღებდა.

„აქამდე ბიუჯეტი ევროკავშირის და აშშ-ის გრანტებით ივსებოდა, რასაც თან ახლდა თავისი სტანდარტები და ამ სტანდარტებით უნდა გაკეთებულიყო საქმე და პროგრამები. „ქართული ოცნების“ მიერ გამოყოფილი გრანტებით გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს? ეს ხომ წყალში გადაყრილი თანხაა. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას მოემსახურება. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ თუკი არასამთავრობოებს თანხა დააკლდებათ, ჩვენს ამას ბიუჯეტიდან შევავსებთ, ეს პროპაგანდაა. შეიძლებოდა რომ ეს 20 მლნ ლარი თავად ევროკავშირისგან მიგვეღო და ბევრად უკეთეს საქმეს მოხმარებოდა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს. პროექტის სახელწოდება იქნება "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა", ხოლო თანხების განკარგვა მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მოხდება.

აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ მთავრობამ „რუსული კანონის“ მიღების საპირწონედ დაასახელა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, თუკი უცხოური ძალები აფინანსებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგისა და რევოლუციური ამბიციების მქონე ორგანიზაციებს, ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს საგრანტო დაფინანსება მორგებული იქნებოდა ეროვნულ ინტერესებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები