მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 20 მილიონ ლარს გადაუხდის - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მომზადებულ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

არასამთავრობო სექტორისთვის საბიუჯეტო დაფინანსების განსაზღვრის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გააკეთა და თქვა, რომ ის გაერთიანებები, რომლებიც "ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს" შეასრულებენ სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ.

2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროექტის სახელწოდება იქნება "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა", ხოლო თანხების განკარგვა მოხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობას შესაბამისი წესი არ დაუდგენია. ამ წესით უნდა გაირკვეს თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს მთავრობა საგრანტო პროექტების დაფინანსებას და რომელი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება შესარჩევი კომისია, რომელიც გრანტების დამტკიცებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ,"- 2024 წლის 9 სექტემბერს განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნული ინიციატივა ქართული ოცნების მთავრობამ რუსული კანონის მიღების საპირწონედ დაასახელა, მაშინ ითქვა, რომ თუკი უცხოური ძალები აფინანსებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგისა და რევოლუციური ამბიციების მქონე ორგანიზაციებს, ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს საგრანტო დაფინანსება მორგებული იქნებოდა ეროვნულ ინტერესებზე.

უცნობია რა შეიძლება იყოს "ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანები" "ქართული ოცნების" მთავრობის შეფასებით, მაგალითად პარტიული აქტივის დასაქმებისთვის ორგანიზაციების შექმნა ან არჩევნებზე დაკვირვებისთვის 2000 დამკვირვებლის ისე წარგზავნა, რომ არცერთმა მათგანმა საარჩევნო შენიშვნა არ დაწეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები