სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ “ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირება ბანკის “სოციალური პასუხისმგებლობის” ნაწილია და მას მთავრობა არ დაასუბსიდირებს. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ჩემი მხრიდან დაზუსტდეს, ვინ იხდის ფულს ამ, ყველას მიერ მოწონებული, გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც 151 ათასზე მეტ საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირებას ეხება. მინდა დავაზუსტო, რომ ეს იყო ერთობლივი შეთანხმება მთავრობისა და ბანკის, აქ ბიუჯეტიდან არავითარი სუბსიდირება არ ხდება. ეს არის ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. საქმე გვაქვს გადაწყვეტილებასთან, რომელიც მოგებიანია ყველა ჩართული მხარისთვის.
სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა მოწყვლადი ჯგუფის, პენსიონერების ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ხოლო ბანკისთვის ეს არის გონივრული და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებიანი გადაწყვეტილება. მან შესაძლოა, უარი თქვა გარკვეულ საპროცენტო შემოსავალზე, მაგრამ საუბარია მრავალწლიან ლოიალურ მომხმარებელზე”, - აცხადებს ნათია თურნავა.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, საპენსიო სესხები “ლიბერთი ბანკის” პორტფელში 10-12%-იან წილს იკავებენ, თუმცა პენსიონერები მათთვის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს წარმოადგენენ, რის გამოც ბანკის გადაწყვეტილება “სწორად გააზრებულია”.
22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.
სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა კი განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებით, 1.5 წლის განმავლობაში პენსიონერები ჯამურად 7-დან 8 მილიონამდე ლარს დაზოგავენ.