მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ლარის ფართო მასშტაბით შემოღება არ იგეგმება | სებ-ის პრეზიდენტი

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას არც მიმდინარე და არც მომავალ წლებში არ გეგმავს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა, ციფრული ანალოგი ნაღდ ლარს ვერ ჩაანაცვლებს და ეს გარანტირებულია ორგანული კანონითაც, რომლითაც მატერიალური ბანკნოტი უზრუნველყოფილია.

სებ-ის პრეზიდენტის თქმითვე, კანონმდებლობით ეროვნულმა ბანკმა მოიპოვა უფლება ვიწრო სფეროებში ე.წ. პილოტირება გააკეთოს, რათა უკეთ შეისწავლოს ტექნოლოგიის სარგებელი და შესაძლო გამოწვევები.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია მსოფლიოში და საქართველოშიც ფართოდ გამოიყენება და მიმზიდველია, რადგან ის უფრო სწრაფი და იაფია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმდინარე პროცესები მხოლოდ ტექნოლოგიების შესწავლისა და ტესტირების მიზანს ემსახურება.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზეც, მომავალ წლებშიც ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და შემოღებას არ გეგმავს. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის, ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ვალუტის, ფართო მასშტაბით შემოღება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს. კანონმდებლის მხარდაჭერით, ჩვენც მოვიპოვეთ უფლება, რომ ვიწრო სფეროებში გავაკეთოთ ე.წ. პილოტირება (ანუ ტექნოლოგიების ტესტირება), რათა უკეთ შევისწავლოთ, რა სარგებელი და რა გამოწვევები შეიძლება მოიტანოს ციფრულმა ლარმა და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ეს გაკეთებულია მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პილოტირების მიზნებისთვის. ზუსტად ასე იწყებენ სხვა ქვეყნებიც ზოგი უფრო შორს არის წასული, ზოგიც ახლა იწყებს. თავიდან ხდება ტექნოლოგიების, გამოწვევების, კანონმდებლობისა და შესაძლებლობების ტესტირება, და ჩვენც გვინდა, რომ ამ ქვეყნების რიგში ვიყოთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ჩვენი მოსახლეობისთვის და კომპანიებისთვის უცხო აღარ არის ციფრული ვალუტა, ანუ კრიპტოვალუტა. მოგეხსენებათ, საბირჟო ვაჭრობასა თუ ტრანსსასაზღვრო გადმორიცხვებში მთელ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში გამოიყენება სხვადასხვა ციფრული ვალუტა. ისინი ძირითადად მიბმულია უცხო ქვეყნის ვალუტაზე (დოლარიდან დაწყებული, სხვა უცხოური ვალუტებით დასრულებული) და გამოშვებულია კერძო კომპანიების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ სფეროს ვაკონტროლებთ, ვზედამხედველობთ და ვცდილობთ, მომხმარებელთა ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს, თავად ციფრული ვალუტის ტექნოლოგია მიმზიდველია როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის.

ამ კუთხით არ არის გასაკვირი, რომ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ცდილობენ, არ დაკარგონ ლიდერობა და ოფიციალური ცენტრალური ბანკის ვალუტის უპირატესობა თავადაც გატესტონ მსგავსი ტექნოლოგიები მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის შესახებ, თუ რა სფეროსა და რა დოზით შემოიღებენ მას.

აქვე ვუპასუხებ გავრცელებულ კითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორია გეგმა და ჩაანაცვლებს თუ არა ეს ნაღდ ფულს არავითარ შემთხვევაში! ციფრული ანალოგი არ ჩაანაცვლებს და ვერც ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს. ეს ყველაფერი მხოლოდ ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით ხდება", - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის ხელმძღვანელმა ციფრული ლარის პროექტზე "ქართული ოცნების" დეპუტატების ბეჟან წაქაძისა და გრეტა წიწავას კითხვების საპასუხოდ ისაუბრა, რომლებიც დაინტერესდნენ როდიდან იგეგმება მისი დანერგვა და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით. წაქაძე ასევე დაინტერესდა ხომ არ არის დრო სატესტო რეჟიმში დაიწყოს ქვეყანამ ციფრული ლარის გამოშვება, რადგან ბევრმა ქვეყანამ ეს პროცესი უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები