მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ციფრული ლარის საპილოტე პროექტზე მუშაობს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტებზე მუშაობს - ამის შესახებ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ასევე მუშაობს ტოკენიზაციის, სტეიბლკოინების და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებაზეც.

"აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მანდატი მოიცავს როგორც ფასების და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას, ასევე შესაბამისი საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა არის დღესდღეობით მთელი რეგიონისთვის. და აქ განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ მიმდინარე პროექტებს, რაც ჩვენთან ხორციელდება, მათ შორის საერთაშორისო დონორების, მსოფლიო ბანკის დახმარებით. ეს არის ჩვენ მიერ განხორციელებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის მოდერნიზაცია და RTGS გადახდების სისტემის მიმდინარე დანერგვა.

აღარ განვმეორდები იმ მარეგულირებელ ჩარჩოს შესახებ - უკვე ისაუბრეს წინა გამომსვლელებმა, რაც მოიცავს ვირტუალური აქტივების რეგულაციებს, სტეიბლკოინების პირველადი გამოშვების რეგულაციებს, ღია ბანკინგს. ვახდენთ პილოტირებას ციფრული ლარის პროექტების, ასევე ტოკენიზაციის ხელშეწყობაზე ვფიქრობთ შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად. ამ თვალსაზრისით გვინდა, რომ საქართველო მართლაც ჩამოყალიბდეს არა უბრალოდ ფინანსურ ჰაბად, არამედ ახალი საფინანსო ტექნოლოგიების ჰაბად.

ჩვენი მიზანია თანამედროვე ფინანსური მომსახურების დანერგვით ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ფინანსური სერვისების დაკავშირებადობას და სწორედ ამიტომაც მოხარული ვარ, რომ ამდენი მარეგულირებელი კოლეგა გვესტუმრა რეგიონიდან, როგორც საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან, ასევე დასავლეთით მდებარე ქვეყნებიდან. ამ კონტექსტში კარგი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ეს ორი დღე ვიმსჯელოთ საერთო პროექტებზე და საერთო გამოწვევებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

თუმცა სებ-ის განმარტებით, ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განმარტებით, ციფრული ლარის საპილოტე პროგრამების მიზანი მისი პოტენციური სარგებლის, მოსალოდნელი ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასებაა. აღნიშნული განმარტება უტიაშვილმა 21 ოქტომბერს გააკეთა.

„ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკების შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. უტიაშვილის შეფასებით, ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მისი განმარტებით, საქართველოში უკვე გამოიყენება ისეთი სტეიბლკოინები, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში გამოიყენება. უტიაშვილის თქმით, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორის სტაბილურობის თვალსაზრისით.

რა შეიცვალა კანონმდებლობაში

ციფრული ლარის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, გამოუშვას ლარის ციფრული ვერსია. მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით. სებ-ი ასევე გააკონტროლებს ნაღდი და ციფრული ფულის მარაგს და განსაზღვრავს მისი ემისიის გეგმას.

კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აკრძალულია.

ეროვნულ ბანკს კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგაც განმარტებული აქვს, რომ უახლოეს წლებში ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას არ გეგმავს. შესაბამისად, ამ ეტაპზე პროექტი კვლევისა და საპილოტე პროგრამების ფარგლებში დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები