მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის დეფიციტი 3.1%-მდე შემცირდა - ფინანსთა მინისტრმა გასული წელი შეაჯამა

63bbfface4037
ინგა მურუსიძე
09.01.23 16:10
584
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის მიმართულებით და ბიუჯეტის შესრულების მხრივ გასული წელი წარმატებული იყო. ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„11 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 10%-ის ოდენობით და მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება ამ ნიშნულზე. ნაერთი ბიუჯეტის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 23.7 მლრდ ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის, 101.1%-ია, ანუ 1.1%-ით მოხდა შემოსავლების გადაჭარბება. მათ შორის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 19.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%-ია. მათ შორის ნაერთი საბიუჯეტო საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებული იქნა 17.4 მლრდ ლარი, რაც 100.2%-ია უკვე გაზრდილი მაჩვენებლის, რომელიც წლის ბოლოს ჩვენ დავაკორექტირეთ. ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების შემოსულობამ, ხარჯვით ნაწილში შეადგინა 23.1 მლრდ ლარი, რაც დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლის 100.2%-ია, მათ შორის კაპიტალურმა ხარჯებმა 6 მლრდ ლარს გადააჭარბა. რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100%-ია. როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯვით ნაწილში, ფაქტობრივად, სრულად არის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებული 2022 წელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლითაც 2022 წელი დასრულდა, ფინანსთა მინისტრის თქმით: „ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ გასული წელი დავგეგმეთ 4.4% მთლიანად შიდა პროდუქტთან მიმართებით ბიუჯეტის დეფიციტი, შემდგომ დაკორექტირდა და წელი დასრულდა ფაქტობრივი მაჩვენებლით 3.1%-მდე, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება არის ქვეყნისთვის. გარდა ამისა, აღვნიშნავ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები