მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი - გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც დეკემბერში დამტკიცდება, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და მათ შორის, გრანტების მოცულობაც გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მინისტრის მოადგილეს 2025 წლისთვის 61%-ით ნაკლები გრანტის მიღებაზე ჰკითხეს, რაზეც კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პირველად ვერსიაში უკვე შეთანხმებული მოცულობებია წარმოდგენილი, თუმცა არის ახალი პროექტებიც, რომლებიც საბოლოო ვერსიაში აისახება.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ გვექნება რესურსების გადახედვის საშუალება. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა და დარწმუნებული ვარ, შენარჩუნდება, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რესურსები კიდევ გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

გრანტებიც, ამ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოცულობა, რაც მოცულობაზეც უკვე შეთანხმება არის, თუმცა რამდენიმე ახალი პროექტის ინიცირება იგეგმება გრანტების ნაწილში, რომელიც მოიცავს როგორც საბიუჯეტო დახმარებით გრანტებს, ასევე საინვესტიციო პროექტების კიდევ თანდაფინანსების ნაწილში. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი, თუმცა სანამ არ არის კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი, რაზეც მიემართება ეს თანხა, მანამდე რა თქმა უნდა ეს თანხები ბიუჯეტში ვერ იქნება ასახული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პროცენტულ მაჩვენებელზე, თუმცა გრანტების წილი, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ გაზრდის მიმართულებით, ბიუჯეტის მთლიან მოცულობასთან მიმართებით არის საკმაოდ დაბალი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე, რომლის მოცულობის ზრდაც აუცილებლად მოხდება და მათ შორის, როგორც საგადასახადო, სხვა შემოსავლების, მათ შორის გრანტების ნაწილში“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, საქართველო გრანტებს მხოლოდ ევროკავშირიდან იღებს. ამასთან, კაკაურიძე არ პასუხობს კითხვას, უკავშირდება თუ არა გრანტების ეს კლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში წინა წლებშიც იზრდებოდა გრანტები პირველად ვარიანტთან შედარებით.

„საბიუჯეტო სისტემის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ. შეგიძლიათ ნახოთ წლების მიხედვით, გრანტები რა პროექტებზე, რა ორგანიზაციებიდან იყო. ჩვენ აშშ-დან გრანტები ბიუჯეტში არ გვქონდა, ბიუჯეტი არ იღებდა არც ერთ გრანტს აშშ-დან. იყო ერთადერთი ევროკავშირის გრანტები, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. გრანტების უმეტესი ნაწილის ძირითადი დონორი ევროკავშირია, საბიუჯეტო დახმარების ნაწილშიც მხოლოდ ევროკავშირის გრანტები გვქონდა. წელს ევროკავშირიდან გრანტების მოცულობა სულ 100 მლნ ლარი იყო, დაზუსტება და მომდევნო წელს ის მოცულობა აისახება. ყოველ წელს ზუსტდება და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში არის გრანტების უფრო მაღალი მოცულობა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, ქვეყანა მომდევნო წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან და უცხოეთის სახელმწიფოებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 58.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები