2017 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა აქციზის გადასახადიდან 30%-ით მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მიმდინარე წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 771 მილიონ 667 ათასი ლარი შევიდა. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 594 მილიონ 971 ათასი ლარი იყო.
ყველაზე დიდი მატება წელს ბენზინისა და დიზელის აქციზის გადასახადიდან არის. ბენზინის აქციზის გადასახადიდან მიღებული თანხა თითქმის გაორმაგებულია. თუ შარშან ამ მიმართულებით ბიუჯეტში 63 მილიონ 216 ათასი ლარი შევიდა, წელს ეს მაჩვენებელი 133 მილიონ 758 ათასი ლარია.
რაც შეეხება დიზელს, აქაც საკმაოდ სერიოზული მატებაა. თუ 2016 წლის 7 თვეში დიზელის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 44 მილიონ 431 ათასი ლარი იყო, წელს ამ რიცხვმა 106 მილიონ ლარს გადააჭარბა.
გაზრდილია აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი მსუბუქი ავტომობილებიდანაც. შარშან 7 თვეში ბიუჯეტმა ამ მიმართულებით - 58 მილიონამდე მიიღო, წელს კი შემოსავალმა 72 მილიონს გადააჭარბა.
ამის პარალელუარად შემცირებულია არყისა და ლუდის აქციზიდან, ასევე მობილური კავშირგაბმულობიდან მიღებული შემოსავლები. მაგალითად, შარშან არყის აქციზიდან სახელმწიფომ მილიონ 985 ათასი ლარი მიიღო, წელს მილიონ 600 ათასი ლარი. ლუდის აქციზიდან შარშან 26 მილიონ 483 ათასი ლარი, წელს 25 მილიონ 667 ათასი ლარი. შედარებით დიდი კლებაა მობილური კავშირგაბმულობის მიმართულებით, შარშან მიღებულმა აქციზის გადასახადმა თითქმის 34 მილიონი ლარი შეადგინა, წელს კი 17 მილიონი ლარი.
რაც შეეხება თამბაქოს, ამ შემთხვევაში გაზრდლია ადგილობრივი წარმოების თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავალი და შემცირებულია იმპორტირებული თამბაქოს აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად თუ შარშან ადგილობრივმა წარმოებამ აქციზის გადასახადის სახით 17,5 მილიონი ლარი გადაიხადა 7 თვეში, წელს ეს მაჩვენებელი 25,7 მილიონი ლარია. იმპორტირებული თამბაქოს აქციზის გადასახადი შარშან 7 თვეში 494 მილონი იყო, წელს 322 მილიონი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე, ავტომობილებსა და თამბაქოზე.

























