მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტში გამოვძებნეთ ₾128 მლნ" - რატომ იზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსიის ₾45-ით? | პრემიერის განმარტება

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 70 წლამდე პირებისთვის პენსიების ₾25-ის ნაცვლად 45 ლარით ზრდისთვის ბიუჯეტში 128 მილიონი ლარის რესურსი გამოიძებნა. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

"რადიო თავისუფლება" დაინტერესდა - რატომ არ იყო პენსიების 45 ლარით მატება გათვალისწინებული პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის ინიციირებისას და ხომ არ უკავშირდება მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადობაში არსებულ ნეგატიურ განწყობას, რომელიც მაღალჩინოსნების ხელფასებისა და პენსიონერების პენსიის ზრდის თანაფარდობით იყო გამოწვეული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით.

„პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის ხოლმე პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ხოლმე ინდექსაციის წესი. და შემდეგ იწყება პარლამენტში მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ ხოლმე პარლამენტიდან და საზოგადოებიდან წამოსულ მოსაზრებებს. თავიდან შედის პროექტი, პენსიასთან დაკავშირებით აქ ასახულია ხოლმე ინდექსაციის წესით გათვალისწინებული მატება, შემდეგ ისმენს მთავრობა მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით, ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა და მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. იყო რეაქცია პარლამენტარების მხრიდან, იყო რეაქცია საზოგადოების მხრიდან. განვიხილეთ ეს საკითხი და ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც გამოვყავით დამატებით და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ეს იყო პროცესის შინაარსი“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, მოქმედი ინდექსაციის წესით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარს აღწევს, ხოლო 70 წლამდე პენსიონერებისთვის მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. კობახიძის თქმით, რადგან არსებული ზრდის სხვაობა დიდ უთანაბრობას ქმნიდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის ჯგუფისთვის პენსია ჯამში 45 ლარით გაზარდოს.

„555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას.

70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555 ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები