მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატია იზრდება, რაც სავალალო სიგნალია ინვესტორებისთვის - გიორგი აბრამიშვილი

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მზარდი ბიუროკრატიაა.

როგორც აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ერთი მხრივ, არის არასტაბილური გარემო, რაც ენერგეტიკაში გრძელვადიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებას აფერხებს. მეორე მხრივ კი, მზარდი ბიუროკრატია.

„სამწუხაროდ, გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ყველა მხრივ არასტაბილურ გარემოსი ვცხოვრობთ. ეს არასტაბილურობა იწვევს იმას, რომ გრძელვადიანი, მდგრადი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება ვერ ხდება, რადგან სულ იცვლება გარემოებები, განწყობები და ა.შ. აქ კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ არის ბიუროკრატია. ყოველ წელს ბიუროკრატია იზრდება. ჩვენ ამაზე საუბარი 2 წლის წინ დავიწყეთ და ამ ორ წელიწადში კიდევ გაიზარდა ბიუროკრატია და ეს საკმაოდ სავალალო სიგნალებს აჩენს ინვესტორებისთვის. უამრავი ახალი და ახალი ბარიერი ხვდება ინვესტორებს“,- განაცხადა აბრამიშვილმა.

აბრამიშვილს ინვესტორებისთვის არსებული გამოწვევის კონკრეტული მაგალითი მოჰყავს. მისი ინფორმაციით, „ნამახვან ჰესის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, მთავრობამ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან დაიწყო მოსახლეობის განწყობებზე ინფორმაციის მიღება და არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ამ მიდგომას ადგილობრივი ხელისუფლება არასწორად იყენებს, რის გამოც პროექტები ჩერდება და ჭიანურდება.

„მაგალითად, „ნამახვანის“ პროცესების შემდგომ ასეთი პრაქტიკა დაფუძნდა, რომ ყოველ მთავრობაზე გასვლის წინ, ეკითხებიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რამდენად სტაბილურია სიტუაცია, მოვუწეროთ თუ არა ხელი მემორანდუმზე ამ თუ იმ კომპანიას. მიზანი და განწყობა მაშინდელი მთავრობის იყო ის, რომ მოსახლეობის კუთხით რა ხდება, ადგილზე მთავრობამ უკეთ იცის ღირს თუ არა მუშაობის გაგრძელება. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობისგან ამ ბერკეტების არამიზნობრივად გამოყენება ხდება და პროექტების შეჩერება არა იმიტომ, რომ მოსახლეობაშია პრობლემები... ამიტომ, დროში ძალიან იწელება“,- თქვა გიორგი აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები