ბიუროკრატიის გამო, კანადის ბაზარზე ექსპორტი გაგვიჭიანურდა, - ამის შესახებ მეღვინეობა „დების ღვინოს“ დამფუძნებელმა, თამთა აივაზიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მეღვინეობას ჯერ კიდევ გასულ წელს, კანადის ბაზართან ჰქონდა მოლაპარაკებები, სადაც მათი ღვინოების ერთ-ერთი ჯიში უნდა გასულიყო, კერძოდ 300 ბოთლი. თუმცა, როგორც აივაზიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პროცესი ბიუროკრატიულმა ფაქტორებმა გააჭიანურა, თუმცა ამ ბაზართან მუშაობა არ შეუწყვეტიათ და მარაგებიც გადანახული აქვთ.
"რაც შეეხება სხვა ბაზრებს, ამ ეტაპზე მხოლოდ საპრეზენტაციოდ გავდივართ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთ-ერთი ღვინო, 100 საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა და ოქროს მედალიც მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ გამართულ ROMA WINE FESTIVAL-ზე 15 საუკეთესო ღვინოს შორის ჩვენი ქისიც მოხვდა. ასევე, მივიღეთ მონაწილეობა გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჩვენი საფერავი რეგიონის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. გარდა ამისა, მომავალ კვირას ჩვენი ღვინო ნორვეგიაში უნდა გაიგზავნოს, კვლავ საპრეზენტაციოდ. თუმცა, საექსპორტო მოლაპარაკებებს მხოლოდ კანადასთან ვაწარმოებთ“, - ამბობს მეღვინეობის დამფუძნებელი.
თამთა აივაზაშვილი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებისთვის საექსპორტო მიმართულებით მეტი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან მათ დამოუკიდებლად ექსპორტზე გასვლის საშუალება არ აქვთ.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, კომპანიის გაყიდვებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, თუმცა ქვეყანაში ევროპული ტურისტული ნაკადების შემცირება შეინიშნება, რაც მათ ბიზნესზეც აისახება.
ინფორმაციისთვის" დების ღვინომ" წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფსა (რქაწითელს) და საფერავს აწარმოებს. მეღვინეობა საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს.