აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებითა და დაკვირვებით, დღეს საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გამო ბიზნესის აქტივობა გაჩერებულია. ამის შესახებ ზურაბ ლალაზაშვილმა AmCham-ისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შემდეგ BMG-ის განუცხადა.
„კანონი ჯერ ამოქმედებული არ არის, მაგრამ დღეს რამდენიმე გამომსვლელისგან კონკრეტული პროექტების გაჩერების შესახებ განცხადებები მოვისმინეთ. ჩემი მხრიდან, ჩვენი კომპანიის ჭრილში ვაკვირდებით, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში პროექტებთან მიმართებით უნდა მიეღოთ, გაჩერებულია. ანუ შეჩერებულია ბიზნესაქტივობა, რადგან ბიზნესს გარკვეულობა სჭირდება. დღეს ძალიან დიდი გაურკვევლობაა რა იქნება ხვალ და როგორ წარიმართება პროცესები... ეს მოახდენს გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესის საქმიანობაზე“, - აცხადებს ლალაზაშვილი.
BDO-ს მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება, რაც დაფინანსების შეწყვეტას გამოიწვევს, საქართველოს ეკონომიკას კი ამ თანხების ჩანაცვლების რესურსი არ აქვს.
„ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ დაფინანსების რა მოცულობა შემოდის საქართველოს ეკონომიკაში. საუბარია, ძალიან დიდ თანხებზე, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორსა და საჭიროებებზე მიიმართება. თუ ეს შეჩერდება, საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდი თანხა დააკლდება. ეს საბოლოო ჯამში ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სექტორებში არიან, თანხებს იღებენ, ხარჯავენ - ვეღარ მიიღებენ. ნაწილი უმუშევარი დარჩება, ნაწილი წავა საქართველოდან, ნაწილი უბრალოდ ვერ მიიღებს თანხებს. რეალურად ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას მკვეთრი უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არ დარეგისტრირდებიან და ვერ მიიღებენ კანონიერად დაფინანსებას, ეს გავლენას მოახდენს, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რესურსი ამ თანხების ჩანაცვლებისთვის“, - ამბობს BDO-ს მმართველი პარტნიორი.
ზურაბ ლალაზაშვილი დასძენს, რომ „საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, მათ შორის ხელისუფლებაში“.
„აშშ იქნება თუ ევროკავშირი, ამ გადაწყვეტილებას, კანონის მიღება და ის პროცესები, რომელიც ამის გამო ვითარდება, ძალიან სერიოზულად უყურებენ. თუ პროცესები ასე გაგრძელდება და მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება ევროკავშირის წევრობაზე, ან შეგვიჩერდება კანდიდატის სტატუსი, ამას მოსახლეობის ყველა ფენაზე უარყოფითი გავლენა ექნება“, - აღნიშნავს ლალაზაშვილი.