მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესფორუმი, "მწვანე" ენერგორესურსები... - რაზე ისაუბრა გენადი არველაძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე?

გენადი არველაძე საბერძნეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილისთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

"ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დღის წესრიგის რეალიზაციას. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ სავაჭრო ბრუნვისა და სექტორული თანამშრომლობის მაჩვენებლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ორი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად, მხარეები გაცვლიან პრიორიტეტული სასაქონლო ნომენკლატურის ჩამონათვალს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წრეების დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა. ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წელს, რომლის დროსაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საბერძნეთში არსებობს დიდი დაინტერესება საქართველოს „მწვანე“ ენერგეტიკული რესურსების მიმართ. გენადი არველაძემ ბერძენ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება რეგიონში გამომუშავებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირისთვის მიწოდება.

შეხვედრის დასასრულს, გენადი არველაძემ ჰარის თეოჰარისი თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები